English / ქართული / русский /
ილია (აზიკო) სისვაძე
საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს (სკს) თეორია: წარმოშობა და ევოლუცია

ანოტაცია. ნაშრომში დასაბუთებულია, რომ თანამედროვე მსოფლიოს უდიდეს ნაწილში საყოველთაო კეთილდღეობისა და სოციალური სამართლიანობის დამკვიდრება არის არა მხოლოდ პროგრესულად განწყობილ პოლიტიკურ მოღვაწეთა სუბიექტური გადაწყვეტილებების შედეგი, არამედ უპირატესად კაცობრიობის ცივილიზაციური განვითარების ობიექტური, კანონზომიერი და გარდაუვალი შედეგი. ნაჩვენებია, რომ აღმოსავლეთ ევროპის პოსტკომუნისტურ ქვეყნებთან შედარებით საქართველოს საგრძნობი ჩამორჩენა განაპირობა იმ გარემოებამ, რომ ჩვენ დავადექით მორალურად მოძველებული ,,არქელიბერალური’’ საბაზრო ეკონომიკის გზას მაშინ, როდესაც დანარჩენი ქვეყნები რეგულირებად საყოველთაო კეთიდღეობის სახელმწიფოებად ჩამოყალიბდნენ. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ასეთივე წყობა აირჩიეს დასავლეთ ევროპისა და დანარჩენი მსოფლიოს დემოკრატიულმა ქვეყნებმა, რამაც ისინი ეკონომიკურ გიგანტებად აქცია. საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს თეორიის თვალსაჩინო წარმომადგენლების მემკვიდრეობის ათვისება და პრაქტიკული გამოყენება შესაძლებლობას მოგვცემს მოკლე დროში დავძლიოთ ჩამორჩენა და დავუბრუნდეთ განვითარების ბუნებრივ-ისტორიულ პროცესს.

საკვანძო სიტყვები: განვითარების მესამე გზა, სოციალური სამართლიანობა, საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფო, რეგულირებადი სოციალური ეკონომიკა, მემარცხენე ნეოლიბერალიზმი, ორდოლიბერალიზმი, სოციალური ეკონომიკის გერმანული, შვედური და ბრიტანული მოდელები.

1. სოციალური სამართლიანობის იდეის რეტროსპექტივა
ჯერ კიდევ გასული საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში ჩვენი ქვეყნის ეროვნულ- მენტალური პოტენციალიდან და გეოსტრატეგიული მდებარეობიდან გამომდინარე, ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები მოკლე დროში ,,კავკასიურ ვეფხვად‘‘ ჩა¬მო-ყალიბებას გვიწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა თანამედროვე რეალობა საგანგაშოა – აღმოსავლეთ ევროპის პოსტკომუნისტურ ქვეყანებს შორის ძირითადი სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებლების მიხედვით ბოლო ხუთეულში ვიკავებთ სხვადასხვა ,,საპატიო‘‘ ადგილს. ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც მათ შორის ყველაზე წარმატებულებმა – ჩეხეთმა, სლოვენიამ, სლოვაკეთმა, ლიეტუვამ და ესტონეთმა შეძლეს დასავლეთ ევროპის ქვეყნებს დასწეოდნენ. იმისათვის, რომ ამ კრიტიკულ ვითარებას თავი დავაღწიოთ, უპირველესად გასარკვევია, თუ რა მიზეზებმა განაპირობა ჩვენი ჩამორჩენა და აღნიშნული ქვეყნების სწრაფი განვითარება? ხომ არაა ეს გამოწვეული ობიექტური მიზეზებით, კერძოდ კი, რესურსების სიმწირით ან მეზობელი რუსეთის თანამედროვე იმპერიის აგრესიული პოლიტიკით? რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ დავძლიოთ კრიზისი და მოწინავეთა რიგებში ჩავდგეთ?

როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ ევროპისა და მსოფლიოს სხვა მოწინავე ქვეყნების რესურსობრივი და სოციალურ-ეკონომიკური მონაცემების შედარებითი ანალიზი აჩვენებს, რომ თანამედროვე მსოფლიოში სახელმწიფოს განვითარების დონე და კეთილდღეობა დამოკიდებულია არა იმდენად ტერიტორიის სიდიდეზე, მოსახლეობის რიცხოვნობაზე ან სასარგებლო წიაღისეულის მარაგზე, როგორც ხშირად მიაჩნიათ, არამედ უპირატესად ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური და სამართლებრივი მოწყობის მოდელზე, რომლის ფუნდამენტს ეკონომიკის სახელმწიფოებრივი რეგულირება, სოციალური ორიენტაცია და ინოვაციური განვითარება, სამართლიანობა და დემოკრატია შეადგენს.

ფაქტია, რომ განვლილი ოცდაათი წლის განმავლობაში საქართველოს სოციალურ-ეკონომიკურ ჩამორჩენაზე დიდი გავლენა მოახდინა რუსეთის მტრულმა პოლიტიკამაც, მაგრამ ევროპული ტიპის რეფორმების გატარების პირობებში არა მარტო დანაკარგები იქნებოდა გაცილებით ნაკლები, არამედ მაღალგანვითარებულ ქვეყნებს შორისაც ჩავდგებოდით და ეფექტურ წინააღმდეგობას გავუწევდით მის საშინაო და საგარეო აგრესიას. ამ მოსაზრების სასარგებლოდ მეტყველებს ბალტიისპირეთის ქვეყნების გამოცდილება, რომლებიც რუსეთის მხრიდან მუდმივი ზეწოლის მიუხედავად, ყველა პარამეტრით საგრძნობლად გვისწრებენ წინ როგორც ჩვენ, ისე რუსეთს.

იმისათვის, რომ გავაცნობიეროთ, თუ როგორ წარიმართა ეს პროცესი აღნიშნულ ქვეყნებში, გადავინაცვლოთ გასული საუკუნის ოთხმოცდაათიანების დასაწყისში, როდესაც აღმოსავლეთ ევროპის პოსტკომუნისტურ ქვეყნებში, მათ შორის ჩვენთანაც, ე. წ. „შოკური თერაპიის“ კონცეფციაზე დაფუძნებული ულტრალიბერალური საბაზრო ეკონომიკა მკვიდრდება. იგი ითვალისწინებდა ცენტრალიზებული სოციალისტური მეურნეობიდან მართვის ,,უხილავ ხელზე‘‘ დაფუძნებულ თავისუფალ საბაზრო ეკონომიკაზე მყისიერ გადასვლას, ცენტრალიზებული დაგეგმვის სისტემის დემონტაჟს, სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზაციას, ფასების საბაზრო რეგულირებას, ეროვნული ვალუტის მცურავი კურსისა და თავისუფალი საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების დამკვიდრებას. მაგრამ სწორედ აქ იკვეთება ჩვენთვის უაღრესად მწვავე პრობლემა: რატომ მოხდა, რომ ამ ქვეყნებს შორის, ვისთანაც თანაბარ სასტარტო პირობებში ვიმყოფებოდით, ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ ქვეყნად ვიქეცით, ხოლო სხვებმა ჩვენთვის ჯერჯერობით მიუწვდომელ სიმაღლეებს მიაღწიეს?

აღნიშნული ქვეყნების სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარების ანალიზი მეოცე საუკუნის ოთხმოცდაათიანების დასაწყისიდან დღემდე აჩვენებს, რომ მათ „შოკური თერაპიით“ დაწყებული რეფორმა მიიჩნიეს არა უწყვეტი პროგრესის პანაცეად, არამედ თავიდანვე გააცნობიერეს, რომ მსოფლიო ეკონომიკის ისტორიული გამოცდილებიდან გამომდინარე, ლიბერალური ბაზარი მხოლოდ დროებითი საშუალებაა ეკონომიკის გამოსაცოცხლებლად, რომელიც ადრე თუ გვიან არა მარტო ამოწურავს თავის შესაძლებლობებს, არამედ უაღრესად სახიფათო გვერდითი ეფექტების გამო განვითარების მუხრუჭად და ფატალურ საფრთხედ გადაიქცევა. ამიტომ უკვე იმავე ოთხმოცდაათიანების მეორე ნახევრიდან ისინი გადავიდნენ რეფორმირების მომდევნო ეტაპზე, რაც მიზნად ისახავდა ინოვაციებზე ორიენტირებული რეგულირებადი სოციალური საბაზრო ეკონომიკის ჩამოყალიბებას. ჩვენში ასეთი მიდგომა თავიდანვე გამოირიცხა, კლასიკური, ბაზრის ,,უხილავი ხელით‘‘ მართული, თვითდინებაზე მიშვებული, ,,არქელიბერალური საბაზრო ეკონომიკა’’ მიჩნეული იქნა იდეალურად და შეუცვლელად, რამაც ქვეყანა დღემდე ქრონიკული შოკისა და სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური უძრაობის ჩიხში ჩატოვა.

განსაკუთრებით საყურადღებოა კიდევ ერთი პრინციპული გარემოება: აღმოსავლეთ ევროპის ყველა წარმატებულ ქვეყანაში რეფორმები განხორციელდა არა ქაოსურად, არამედ წამყვანი ეკონომისტების მონაწილეობით შემუშავებული მეცნიერულად დასაბუთებული კონცეფციისა და სტრაგეგიის საფუძველზე, რომლის ფუნდამენტს ეკონომიკის სახელმწიფოებრივი რეგულირება, ინოვაციური განვითარება და მკაფიო სოციალური ორიენტაცია შეადგენს. ამასთან, ეს ეკონომისტები საკუთარ ბინებსა და ბიბლიოთეკებში კი არ ჰყავდათ გამოკეტილი, არამედ მაღალი სახელმწიფოებრივი პოზიციები ეკავათ.

წინა საუკუნის ორმოცდაათიანი წლებიდან რეგულირებად სოციალურ ეკონომიკაზე მასობრივად გადავიდა დასავლეთ ევროპის და დანარჩენი მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების დიდი ნაწილი, მათ შორის არადემოკრატიული, რომლის იდეოლოგიურ საფუძველს ,,საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს თეორია‘‘ წარმოადგენს. ამ პირობებში მორალურად გაცვეთილი უკვე ,,გვამური‘‘ არქელიბერალური საბაზრო ეკონომიკის გაიდეალება, როგორც ეს ჩვენთან ხდება, ნიშნავს ისტორიის დინების წინააღმდეგ ცურვას შესაბამისი ნეგატიური შედეგებით – პერმანენტულ პოლიტიკურ და სოციალურ კონფლიქტებში ჩაბმული ღარიბი ავტორიტარული ქვეყნის დონეს ვერასოდეს გავცდებით.

სამუზეუმო ექსპონანტად ქცეული ასეთი ეკონომიკის ნოსტალგიით შეპყრობილებს კი შევახსენებ, რომ თანამედროვე მსოფლიოში კლასიკური თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა უკვე დიდი ხანია აღარ არსებობს. ამ გზას მივყავართ არა სოციალურად სამართლიანი ცივილიზებული დემოკრატიული ევროპისაკენ, არამედ კრიმინალურ-მაფიოზური რუსული ველური კაპიტალიზმისაკენ, რომელსაც ქონებრივი უთანასწორობის, ცხოვრებისა და დემოკრატიის დაბალი დონით ჩვენთან ერთად მსოფლიოში ,,მოწინავე‘‘ პოზიციები უკავია.

ეკონომიკის მეცნიერებაში ,,საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს“ ცნება სრული სახით (სინონიმი – სოციალური სახელმწიფო) პირველად მე-20 საუკუნის ოცდაათიან წლებში ჯ. კეინზის მიერ იქნა შემოტანილი, ხოლო პოლიტიკურ-ეკონომიკურ სააზროვნო ლექსიკასა და რეალობაში აშშ-ის იმდროინდელმა რეფორმატორმა პრეზიდენტმა ფ. რუზველტმა დაამკვიდრა, თუმცა მისი იდეური საფუძვლები ათასწლეულების წინათ, ჯერ კიდევ პირველი ცივილიზაციის ქვეყნებში ჩაისახა. იმ უძველესი დროიდან დღემდე არ დარჩენილა არც ერთი ცნობილი სწავლული, სოციალურ ურთიერთობების ჰუმანიზაციის პრობლემას ამა თუ იმ ზომით დადებით კონტექსტში რომ არ შეხებოდა.

კერძოდ, შესაბამისი ეპოქების სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებს აქტიურად იკვლევს და სამართლიანობის დამკვიდრების აუცილებლობას ასაბუთებს ყველა დიდი თანადროული მოაზროვნე. მათ შორის, კონფუცი ძველ ჩინეთში (ძვ. წ. 551-479), ქსენოფონტე (ძვ.წ. 430-354), არისტოტელე (ძვ. წ. 384-322) და პლატონი (ძვ. წ. 428-348) ანტიკურ საბერძნეთში, ციცერონი (ძვ. წ. 106-43) ძველ რომში და ქრისტიანი მოღვაწეები მთელ შემდგომ პერიოდში. დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ქრისტიანული რელიგიის იდეოლოგიური საფუძველი თავიდანვე რეალურ ცხოვრებაში სამართლიანი სოციალური ურთიერთობების დამკვიდრება იყო, რასაც ,,ახალი აღქმის’’ საფუძვლიანი შესწავლა მოწმობს. ევროპაში შუა და მომდევნო საუკუნეებში ამ მიმართულებით განსაკუთრებით აქტიურობდნენ უტოპისტები – თ. მორი (1478-1535) და ჯ. კამპანელა (1568-1639); კლასიკურ სოციალურ თეორიაში – თ. ჰობსი (1588-1679), ჯ. ლოკი (1632-1704), შ. მონტესკიე (1689-1755) და ჟ. რუსო (1712-1778); მარქსისტული პოლიტიკური ეკონომიის წარმომადგენლები – კ. მარქსი (1818-1883), ფ. ენგელსი (1820-1895), გ. პლეხანოვი (1856-1918) და სხვები.

განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით სოციალური პრობლემების კვლევაში ინგლისელ ნეოკლასიკოსს ა. პიგუს (1877-1959); ნეოლიბერალური თეორიის თვალსაჩინო გერმანელ მოღვაწეებს ა. რიუსტოვს (1885-1963), ვალტერ ოიკენს (1991-1950), ლ. ერჰარდს (1897-1977), ვ. რიოპკეს (1899-1966) და მიულერ-არმაკს (1901-1978); ბრიტანელ უ. ბევერიჯს (1879-1963) და ჯ. კეინზს (1883-1946); შვედ გ. მიურდალს (1898-1987) და სხვებს, რომლებმაც თავიანთი ფუნდამენტური ნაშრომებით თეორიული საფუძველი ჩაუყარეს თანამედროვე საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოებსა და შესატყვის რეალურ ეკონომიკას. მეოცე საუკუნის მეორე ნახევრიდან ამ მიმართულებით აქტიურად მოღვაწეობდნენ ასევე მსოფლიო დონის ეკონომისტები: ჯ. გელბრეითი (1908-2006), მ. ფრიდმენი (1912-2006) და პ. სამუელსონი (1915-2009).

თუ პროცესს დროში – უძველესი დროიდან დღემდე – მივადევნებთ თვალს, დავრწმუნდებით, რომ სოციალური სამართლიანობის იდეები მრავალსაუკუნოვანი ევოლუციის შედეგად სულ უფრო ჰუმანური ხდება, რაც სათანადოდ აისახა და მატე-რიალიზდა თანადროულ სახელმწიფოთა ეკონომიკასა და პოლიტიკაში. სწორედ ამ პროცესის შედეგი იყო ძველი, სოციალურად დამძიმებული ეკონომიკური სისტემების ცვლა ახლით (მონათმფლობელობა, ფეოდალიზმი, ლიბერალური კაპიტალიზმი, რე-გულირებადი სოციალური კაპიტალიზმი), რომლებიც ჰუმანურ საზოგადოებრივ ურთიერთობებთან ერთად ეკონომიკური პროგრესის გაცილებით მაღალ ტემპებს უზრუნველყოფდნენ. ამ მოვლენის ფუნდამენტური მიზეზია ის გარემოება, რომ ახალი სოციალურ-ეკონომიკური სისტემები განაპირობებდა როგორც უფრო მაღალ სამეწარმეო და შრომით მოტივაციას, ისე კლასთა შორის ჰუმანურ და ჰარმონიულ ურთიერთობებს, რომლის პირობებში ეროვნული ძალისხმევა ხმარდება არა დაპირისპირებას, დანაკარგებსა და ნგრევას, არამედ ეკონომიკურ აღმშენებლობას. თანამედროვე ფილოსოფიაში არსებობს დამოუკიდებელი მსოფლმხედველობრივი მიმართულება, რომლის ძირითად პარადიგმას სოციალურ ურთიერთობათა საყოველთაო ჰუმანიზაციის კანონზომიერი ხასიათი წარმოადგენს [ვ. რამიშვილი, 2010, გვ. 159].

აღნიშნული ტენდენცია განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა XX საუკუნის 20-იანი წლებიდან, როდესაც თვითდინებაზე მიშვებული საბაზრო ეკონომიკისა და მწვავე კლასობრივი დაპირისპირების ფონზე სწავლულ ეკონომისტთა შრომებში სულ უფრო მკაფიოდ იკვეთება წარმოების საშუალებებზე კერძო საკუთრების შენარჩუნების პირობებში სოციალური სამართლიანობის დამკვიდრების პრობლემა. შესაბამისად, დაიწყო საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს თეორიის, როგორც ერთიანი სამეცნიერო სისტემის ჩამოყალიბების პროცესი. ამ მიმართულებით კვლევა კიდევ უფრო გაძლიერდა XX საუკუნის 30-იანი წლების გლობალური ეკონომიკური კრიზისის პერიოდში, როდესაც მოსახლეობის ცხოვრების დონე იმდენად გაუარესდა თანამდევი გლობალური სახიფათო პოლიტიკური და სოციალური პროტესტით, რომ თვით მსოფლიო ცივილიზაციის არსებობას შეექმნა მომაკვდინებელი საფრთხე. შედეგად, თუ ადრე სოციალური თემატიკა უპირატესად ეკონომიკის სხვა თეორიების თანამდევად განიხილება, ახლა უკვე ერთიან სამეცნიერო სისტემად იწყებს ჩამოყალიბებას და უპირისპირდება როგორც მარქსიზმს, ისე ნეოკლასიკურ თეორიას.

კერძოდ, თუ მარქსიზმი საზოგადოებრივი კეთილდღეობის მიღწევის ერთადერთ გზად მიიჩნევს კაპიტალიზმის რევოლუციურ შეცვლას სოციალიზმით, დიქტატორული ხელისუფლების ჩამოყალიბებას, წარმოების საშუალებებზე სახელმწიფო საკუთრების დამყარებას და ეკონომიკაში ხელისუფლების ტოტალურ ჩარევას, საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს თეორიის წარმომადგენელთა აზრით, სოციალური სამართლიანობის დამკვიდრება სავსებით მიღწევადი და გაცილებით ეფექტურია ევო-ლუციური გზით – კერძო საკუთრების შენარჩუნების, პოლიტიკური დემოკრატიის გაღრმავებისა და სახელმწიფოს მიერ რეგულირებადი ბაზრის პირობებში.

ნეოკლასიკოსებისაგან განსხვავებით ახალი თეორიის მომხრეები ასაბუთებენ კაპიტალისტური საზოგადოების ფარგლებში ხელისუფლების მიერ სოციალური პრობლემების მოგვარების აუცილებლობასა და შესაძლებლობას. მათ შორის, აუცილებლობას განაპირობებს ის გარემოება, რომ თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა იწვევს გარდაუვალ სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ რყევებს, ამუხრუჭებს განვითარების პროცესს, წარმოშობს ანტაგონისტურ სოციალურ უსამართლობას და საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ პროგრესს. შესაძლებლობა კი სახელმწიფოს მიერ ისეთი ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელების ბუნებრივ უნარში გამოიხატება, რომელიც ქვეყნის პროგრესულ განვითარებას, სოციალურ სამართლიანობას და საყოველთაო კეთილდღეობას უზრუნველყოფს.

ამ მიზნის მისაღწევად მნიშვნელოვნად იზრდება ხელისუფლების რაციონალური ჩარევა ეკონომიკასა და სოციალურ ურთიერთობებში, დაიშვება კერძო, კოლექტიური და სახელმწიფო საკუთრების ფორმათა პლურალიზმი, აღმოიფხვრება უსამართლო უთანასწორობა შემოსავლებსა და ქონებაში, საზოგადოების თითოეულ წევრს ექმნება ცხოვრების ღირსეული პირობები, თუმცა სოციალური სახელმწიფო ეყრდნობა არა საზოგადოების კმაყოფაზე ყოფნის უღირს განწყობას და თავისთავად უსამართლო გამთანაბრებლობას, არამედ ისეთი პირობების შექმნას, რომელიც თითოეული შრომისუნარიანი მოქალაქისათვის უზრუნველყოფს წარმატების თანაბარ სასტარტო პირობებს და მაქსიმალურად მოტივირებულ სამეურნეო აქტიურობას. აქედან გამომდინარე, ჩვენი აზრით, სოციალურ ურთიერთობათა ასეთ სისტემას უნდა ვუწოდოთ არა სოციალური თანასწორობა ან სოციალური სამართლიანობა, როგორადაც ეს მიღებულია, არამედ ,,სოციალურად სამართლიანი თანასწორობა“.

როგორც პრაგმატულ-ეკონომიკური, ისე ზნეობრივ-ჰუმანური აქტუალობიდან გამომდინარე, საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს თეორია მხოლოდ მის ავტორთა ნაშრომებში კი არ ჩარჩა, არამედ ამა თუ იმ ფორმით მატერიალიზდა დემოკრატიული ქვეყნების რეალურ ცხოვრებაში შესაბამისი შთამბეჭდავი შედეგებით.

ქართველ სწავლულ ეკონომისტთა დიდი ნაწილის თვალსაზრისით, ჩვენი ეროვნულ-მენტალური, ისტორიული, სოციალური და პოლიტიკური ტრადიციებიდან გამომდინარე, საბაზრო ეკონომიკის არსებული მოდელებიდან ქვეყნისათვის ყველაზე მისაღები – სოციალურად ორიენტირებული რეგულირებადი შერეული საბაზრო ეკონომიკაა [ა. თეთრაული, 2001, გვ. 20-29; ალფ. კურატაშვილი, ჟ. ,,ეკონომისტი’’, 2017,N# 2; ანზ. კურატაშვილი, ჟ. ,,ეკონომისტი’’, 2011, N 2; ნ. სანთელაძე, 2000, გვ. 27-55; ლ. ჩიქავა, 2000, გვ. 5-26; ნ. ჭითანავა, 2008, გვ. 4-336 და სხვა], თუმცა საკმაოდ აქტიურობენ ამ იდეის მოწინააღმდეგეებიც, რომლებსაც იდეალურად მიაჩნიათ უკვე კარგა ხნის წინათ მორალურად გაცვეთილი ა. სმითისეული ჯუნგლის კანონებზე დამყარებული ველური კაპიტალიზმი. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ისინი არა მარტო თანამედროვე წარმატებული ქვეყნების სოციალურ-ეკონომიკურ მოწყობას არ იცნობენ, არამედ ნაკლები წარმოდგენა აქვთ ეკონომიკური და პოლიტიკური აზროვნების განვითარების ისტორიულ და ამჟამინდელ ტენდენციებზეც, რომლის უმაღლესი პროდუქტი საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს თეორიაა.

არსებობს საპირისპირო ,,რკინისებური’’ მოსაზრებაც, თითქოს დემოკრატიული ქვეყნების მასობრივი სოციალიზაცია განაპირობა საბჭოური მარქსისტული სოციალიზმის ბაცილის მასობრივი გავრცელების საშიშროებამ. კონტრარგუმენტი საკმაოდ მარტივია – თვითონ მარქსისტული სოციალიზმის წარმოშობა იყო მსოფლიო საბაზრო ეკონომიკური სისტემის მონოპოლიზაციის, მონოპოლიების მიერ ხელისუფლებათა უზურპაციის, ადამიანთა ფართო მასების ექსპლოატაციისა და უკიდურესი სოციალური უსამართლობის შედეგი. ამ გარემოების გაუთვალისწინებლობისა და სოციალური სამართლიანობის პრინციპებიდან უკან დახევის შემთხვევაში კაცობრიობას მუდმივად მოუწევს ჩაკეტილ სისხლიან წრეზე სიარული.

2. აღმოსავლეთ ევროპის პოსტკომუნისტური ქვეყნების სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებლების ანალიზი

სოციალური პრობლემისადმი ასეთი წინააღმდეგობრივი მიდგომა მხოლოდ სამეცნიერო დისკუსიის სივრცეში რომ დარჩენილიყო, ამით ეკონომიკის მეცნიერება მხოლოდ მოიგებდა. მაგრამ სირთულეს ქმნის ის გარემოება, რომ არქაული ულტრალიბერალური საბაზრო ეკონომიკის თეორია ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებათა ეკონომიკურ მსოფლმხედველობას დაედო საფუძვლად, რამაც განვითარების ჩიხში შეგვიყვანა. კერძოდ, 1990-2018 წლებში პოლონეთში მთლიანი შიდა პროდუქტი გაიზარდა 406 %-ით, ჩეხეთში – 223 %-ით, სლოვენიაში – 221 %-ით, მაკედონიაში – 206%-ით, საქართველოში კი მხოლოდ 71 %-ით [ru.wikipedia.org/wiki/ spisok- stran-po-tempam-rosta vvp]. ქვემოთ წარმოდგენილ ცხრილში მოტანილია აღმოსავლეთ ევროპის 22 პოსტკომუნისტურ ქვეყნაში ცხოვრების დონის ამსახველი სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებლები, რომლებიც დალაგებულია ქვეყნის მოსახლეობის ერთ სულზე წარმოებული მშპ-ის კლების მიშნით (შედარებითობისათვის მშპ ნაჩვენებია ეროვნული ვალუტის პარიტეტული მსყიდველობითუნარიანობის მიხედვით. ცხრილის ანალიზიდან შემდეგი დასკვნები გამომდინარეობს:

პირველი, საქართველო კოვიდამდელ 2019 წელს ცხოვრების დონით ბოლო ხუთეულში იკავებს სხვადასხვა ადგილს. ყველაზე წინწასული ქვეყნებიდან ჩეხეთს მოსახლეობის ერთ სულზე მშპ-ს მიხედვით ჩამოვრჩებით 2,7-ჯერ; სლოვენიას ხელფასის მიხედვით ჩამოვრჩებით 6,1-ჯერ, პენსიის ოდენობით კი – 10-ჯერ; სლოვენიაში ადამიანური განვითარების ინდექსია 0,92, ხოლო საქართველოში 0,81 (მაქსიმალურად შესაძლო 1-დან); ლიეტუვაში ცხოვრების ხარისხის ინდექსი შეადგენს 179.4-ს, საქართველოში კი – 116,0-ს;

მეორე, მიუხედავად იმისა, რომ იმპერიული რუსეთი როგორც ტერიტორიის, ისე სხვა რესურსობრივი მახასიათებლების მიხედვით მსოფლიოში უდიდესია, აღნიშნულ ქვეყნებს შორის მხოლოდ მეთერთმეტე ადგილზე იმყოფება. ჩამორჩენა გაცილებით საგრძნობია დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან. ასევე პოლონეთი ტერიტორიულად და რესურსობრივად აღემატება ჩეხეთს, სლოვენიას, ლიეტუვას და ესტონეთს, თუმცა განვითარების დონით მკვეთრად ჩამორჩება მათ. იგივე სიტუაციაა საქართველოს მიმართებით ბალტიისპირეთის ქვეყნებთან შედარებით – მეტ-ნაკლებად თანაბარი ტერიტორიის პირობებში ჩვენი ქვეყნის ბუნებრივ-კლიმატური პირობები გაცილებით უკეთესია, ხოლო ჩამორჩენა კატასტროფული. ეს გარემოება მიუთითებს, რომ წარმატების მიზეზები სხვაგან, კერძოდ კი, ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სამართლებრივ მოდელში უნდა ვეძიოთ;

მესამე, მჭიდრო პირდაპირი და უკუკავშირი შეინიშნება მოსახლეობის ერთ სულზე მოსულ მშპ-სა და მშპ-ში სოციალურ, მათ შორის, განათლების ხარჯების ხვედრით წილს შორის. ამ ხარჯების კლებასთან დაკავშირებით ასევე მცირდება მშპ მოსახლეობის ერთ სულზე, ხელფასისა და პენსიის ოდენობა, განათლების დონის რეიტინგი, ადამიანური განვითარებისა და ცხოვრების ხარისხის იდექსები. ჩეხეთში მშპ-ში განათლების ხარჯების წილი შეადგენს 5,6%-ს, ხოლო საქართველოში 3,8%-ს. რეიტინგების ბოლო ადგილებზე მყოფი ქვეყნებიდან უკრაინამ და მოლდოვამ, როგორც ჩანს, გააცნობიერეს განათლების მნიშვნელობა და შესაბამისი მაჩვენებელი გაზარდეს: უკრაინამ – 5,4-მდე, მოლდოვამ – 5,5-მდე. სლოვენიაში განათლების დონის რეიტინგი შეადგენს 0,91, ხოლო საქართველოში – 0,86-ს (მაქსიმალურად შესაძლო 1-დან);

აღმოსავლეთევროპისპოსტკომუნისტურიქვეყნების ცხოვრებისდონისამსახველისოციალურ-ეკონომიკურიმაჩვენებლები

მაჩვენებლები

 

 

 

 

ქვეყნები

მშპ მოსახლეობის ერთ სულზე, 2019 წ (აშშ დოლარი)1.

ადამიანური განვითა-რების ინდექსი, 2019 წ2

საშუალო თვიური ხელფასი  (აშშ დოლარი), 2019 წ3

საშუალო თვიური პენსია (აშშ დოლარი, 2019 წ4

ცხოვრების ხარისხის ინდექსი, 2019 წ5

განათლების დონის ინდექსი, 2019 წ6

განათლების ხარჯების ხვედრითი წილი, მშპ-ში %-ში7

შემოსავლების უთანაბრო 

განაწილება (ჯინის კოეფიციენტი), 2018 8

  1. ჩეხეთი

42 668

0,90

1 733

460

156,2

0,89

5,6 (2016)

25,6

2. სლოვენია

40 879

0,92

2 466

750

172,8

0,91

4,8 (2016)

25,9

3. ლიეტუვა

38 704

0,88

1 840

408

179,4

0,90

4,0 (2016)

34,2

4. ესტონეთი

38 480

0,89

1 913

547

177,8

0,88

5,2 (2016)

24,7

5. პოლონეთი

34 624

0,88

1 410

538

141,8

0,87

4,6 (2016)

32,0

6. უნგრეთი

34 327

0,85

1 342

438

128,2

0,82

4,7 (2016)

28,7

7. სლოვაკეთი

34 137

0,86

1 802

502

152,5

0,83

3,9 (2016)

23,6

8. ლატვია

32 076

0,87

1 490

304

150,0

0,88

4,7 (2016)

36,3

9. რუმინეთი

31 244

0,83

1 471

190

132,4

0,77

3,0 (2016)

33,0

10. ხორვატია

29 925

0,85

1 505

365

159,4

0,81

4,6 (2013)

29,5

11. რუსეთი

28 450

0,82

628

220

102,3

0,82

3,7 (2016)

43,9

12. ბულგარეთი

24 333

0,82

902

251

129,8

0,78

4,1 (2013)

33,9

13. მონტენეგრო           

22 447

O0,83

868

320

-

0,80

-

39,0

14. ბელორუსია

19 984

0,82

240

199

134,8

0,84

4,8 (2017)

37,2

15. სერბეთი

19 027

0,81

869

230

116,3

0,78

3,7 (2017)

34,0

16. ჩრდ.      მაკედ.

17 296

0,77

770

-

110,5

0,70

3,3 (2002)

34,2

17. ბოსნია

15 792

0,78

923

-

121,9

0,71

-

32,7

18. საქართველო

15 613

0,81

407

75

116,0

0,86

3,8 (2017)

40,5

19. აზერბაიჯანი

15 076

0,76

407

175

-

0,71

2,5 (2017)

28,6

20. სომხეთი

14 177

0,78

362

84

-

0,74

2,7 (2017)

36,0

21. უკრაინა

13 442

0,78

497

124

104,8

0,80

5,4 (2017)

26,3

22. მოლდოვა

13 440

0,75

345

106

-

0,71

5,5 (2018)

33,7

                   

წყარო: 1. https://ru.wikipedia.org/wiki/. VVP na dushu naselenia v stranax mira. შედარებითობისათვის მონაცემები წარმოდგენილია ეროვნული ვალუტის პარიტეტული მსყიდველობითუნარიანობის მიხედვით.

2. https://ru.wikipedia.org/wiki. Indeksi selovecheskogo razvitia v stranax mira.

3. https://imhttps://ru.wikipedia.org/wiki/. Srednaia zarabotnaia plata v stranax mira.

4. https://www.masterforex-v.org/wiki/pension.html.

5. https://immi-i.com/rejting-stran-mira-po-urovnyu-zhizni-2020/.

6. https://gtmarket.ru/ratings/education-index.

7. https://gtmarket.ru/ratings/global-education-expenditure.

8. https://knoema.ru/atlas/topics. koeficient djini v stranax mira.

მეოთხე, ეკონომიკის განვითარებასა და მის სოციალურ ორიენტაციას შორის პირდაპირი დამოკიდებულების შესახებ გაბატონებული შეხედულების საპირისპიროდ აღნიშნულ ქვეყნებში შეინიშნება განსხვავებული ტენდენცია, კერძოდ, თუ ჩეხეთში ერთ სულ მოსახლეზე მშპ მნიშვნელოვნად აღემატება სლოვენიის შესაბამის მაჩვენებელს, ამ უკანასკნელის ყველა სხვა დანარჩენი მონაცემი გაცილებით უკეთესია, ვიდრე ჩეხეთისა. ასეთივე დამოკიდებულება იკვეთება ბულგარეთისა და რუსეთის, სლოვაკეთისა და უნგრეთის, ხორვატიისა და რუმინეთის და სხვა ქვეყნების შემთხვევებში. ეს გარემოება მიუთითებს, რომ ეკონომიკური განვითარების მოცემული დონის პირობებში სახელმწიფოს სოციალური ორიენტაციის არსებობისას კეთილდღეობის უფრო მაღალი დონის მიღწევა სავსებით შესაძლებელია;

მეხუთე, განსაკუთრების საგანგაშოა საქართველოში ჯინის კოეფიციენტით გამოსახული შემოსავლების უთანაბრო განაწილების მაღალი დონე – 40,5, რომლითაც მხოლოდ რუსეთი გვისწრებს, სადაც იგი 43,9-ს შეადგენს. ჩეხეთში ეს მაჩვენებელია 25,5, სლოვენიაში – 25,9, ლიეტუვაში – 34,2, ესტონეთში – 24,7, ხოლო პოლონეთში – 32,0. პოსკომუნიტურ ქვეყნებში ჩამოყალიბებული ზოგადი ტენდენციით, რაც უფრო უსამართლოდ ნაწილდება შემოსავლები, მით ნაკლებია სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებლები. ამდენად, ეს ფაქტორი მნიშვნელოვნად აფერხებს ეკონომიკურ განვითარებას და მატერიალური კეთილდღეობის ზრდას.

ამრიგად, ევროპის პოსტსოციალისტური ქვეყნების სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებლების ანალიზიდან გამომდინარეობს, რომ ეკონომიკური პროგრესი უშუალოდაა განსაზღვრული სოციალური პოლიტიკით, ხოლო განვითარებული ეკონომიკა სოციალური პროგრამების დაფინანსების შესაძლებლობას ზრდის. ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოს კომპლექსური ძალისხმევა ორივე ამ მიმართულებით წარმოშობს მძლავრ ურთიერთგამაძლიერებელ სინერგიულ ეფექტს. შესაბამისად, საქართველოს ჩამორჩენის ჯადოსნური წრის გასარღვევად რეფორმები ეკონომიკური და სოციალური მიმართულებებით სინქრონულად უნდა წარიმართოს.

განსაკუთრებით საყურადღებოა შემდეგი პრინციპული გარემოება: ყველა წარმატებულ ქვეყანაში რეფორმები განხორციელდა მეცნიერულად დასაბუთებული კონცეფციისა და სტრაგეგიის საფუძველზე, რომლის ფუნდამენტს ინოვაციებზე ორიენტირებული ეკონომიკის სახელმწიფოებრივი რეგულირება და სახელმწიფოს სოციალური ორიენტაცია შეადგენდა.

მკაფიოდ გამოხატული ორმხრივი მიზეზშედეგობრივი კავშირი ეკონომიკური განვითარების დონესა და მოსახლეობის კეთილდღეობას შორის კიდევ უფრო ცხადად იკვეთება მსოფლიოს განვითარებული დემოკრატიული ქვეყნების მიხედვით [ა. სისვაძე, 2019, გვ. 160].

აღნიშნულიდან გამომდინარე, მიზნად დავისახეთ მკითხველთა ფართო წრისათვის გვეჩვენებინა, რომ საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს თეორიის წარმოშობა, ამ საფუძველზე თანამედროვე მსოფლიოს დემოკრატიული ქვეყნების პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური მოწყობა და მიღწეული შთამბეჭდავი წარმატებები, კაცობრიობის ეკონომიკური, პოლიტიკური, ზნეობრივ-ჰუმანური აზროვნებისა და პრაქტიკული მოღვაწეობის მრავალსაუკუნოვანი ევოლუციის კანონზომიერ შედეგს წარმოადგენს და არა მხოლოდ პროგრესულად მოაზროვნე პოლიტიკოსების შემთხვევითი სუბიექტური განწყობის პროდუქტს. ამ უკანასკნელთა დამსახურება ისაა, რომ აცნობიერებდნენ დროის გამოწვევებსა თუ მოთხოვნებს და მათ ცხოვრებაში ახორციელებდნენ. თუ ჩვენი საზოგადოება, განსაკუთრებით კი სამეცნიერო და პოლიტიკური ელიტა ამას ვერ გაითავისებს, სამუდამოდ ჩავრჩებით ეკონომიკური, ინტელექტუალური, მორალური და სულიერი სიღარიბის ჭაობში.

3. საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს თეორიის ძირითად
წარმომადგენელთა შეხედულებები

XX საუკუნის 20-იანი წლებიდან მოყოლებული საბაზრო ეკონომიკის სოციალურ-ეკონომიკურ ურთიერთობათა პრობლემების კვლევაში განსაკუთრებული დამსახურება მიუძღვით მსოფლიო მასშტაბის ეკონომისტებს ა. პიგუს, ჯ. კეინზს; ნეოლიბერალური სკოლის მემარცხენე ფრთის წარმომადგენლებს – ა. რიუსტოვს, ვ. ოიკენს, ლ. ერჰარდს, ვ. რიოპკეს და ა. მიულერ-არმაკს, ასევე, გ. მიურდალს, უ. ბევერიჯს, ჯ. გელბრეითს, პ. სამუელსონს, მ. ფრიდმენს და სხვებს, რომლებსაც ,,კეთილდღეობის ეკონომისტებსაც’’ უწოდებენ. მიუხედევად იმისა, რომ ბევრი მათგანი იმავდროულად ეკონომიკის ზოგადი თეორიის სხვა მიმართულების წარმომადგენელი იყო, კვლევის სისტემური ხასიათიდან გამომდინარე, სოციალურ ურთიერთობათა ჰუმანიზაციის პრობლემები, როგორც თანამედროვეობის ისტორიულ-ევოლუციური გარდაუვალობა, საფუძვლია-ნად განიხილეს და დაასაბუთეს.
არტურ პიგუს სოციალურ-ეკონომიკური შეხედულებები. მეოცე საუკუნის გამორჩეულ სწავლულ-ეკონომისტთა შორის ინგლისელი ა. პიგუ (1877-1959) პირველია, რომელმაც საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები ფუნდამენტურად გამოიკვლია და ამდენად, სამართლიანადაა მიჩნეული ,,საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს თეორიის’’ მამამთავრად, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც იგი ნეოკლასიკური თეორიის წარმომადგენელია.

ა. პიგუმ სამეცნიერო მოღვაწეობის მიზნად დაისახა საყოველთაო კეთილდღეობის მიღწევის პრაქტიკული გზების ძიება ნეოკლასიკური თეორიის ძირითადი პარადიგმების საფუძველზე, როგორიცაა კლებადი საზღვრითი სარგებლიანობა, დოვლათის სუბიექტურ-ფსიქოლოგიური შეფასება და უტილიტარიზმის პრინციპი (უტილიტარიზმი - კონცეფცია, რომლის შესაბამისად ადამიანის ქცევას საფუძვლად უდევს ანგარება, რაიმე სარგებლის მიღების მოტივი, რაც მთელ მის საქმიანობას განსაზღვრავს). მისი მოღვაწეობის თავისებურებას შეადგენს ის გარემოება, რომ ჯერ ერთი, არა მარტო თანადროული პერიოდის ეკონომიკის საფუძვლიანი პოზიტიური თეორიული კვლევა განახორციელა, არამედ კაპიტალიზმის რეალური პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის კრიტიკული ანალიზის საფუძველზე შეიმუშავა არგუმენტირებული ნორმატიული სოციალურ-ეკონომიკური ხასიათის რეკომენდაციები; მეორე, ნეოკლასიკური თეორიის სხვა წარმომადგენლების ძირითადი დასკვნების სარისპიროდ მეცნიერულად ასაბუთებს ხელისუფლების მიერ ეკონომიკის სახელმწიფოებრივი რეგულირებისა და სოციალური სამართლიანობის დამკვიდრების აუცილებლობას. ამ მიმართულებით პიგუს ძირითადი სამეცნიერო შედეგებია:

პირველი, ნეოკლასიკურ თეორიაში პირველმა ფუნდამენტურად და სისტემურად გამოიკვლია საზოგადოებრივი კეთილდღეობის პრობლემა და შემოიღო ტერმინი ,,კეთილდღეობის სახელმწიფო”, რომელიც შემდეგ ,,საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს“ ფორმით ფართოდ გავრცელდა მთელ მსოფლიოში;

მეორე, მრავალრიცხოვან ფაქტებზე დაყრდნობით განავითარა ა. მარშალის ბაზრის გვერდითი ეფექტების კონცეფცია და დაასაბუთა, რომ საბაზრო ეკონომიკას თავისუფალი კონკურენციის პირობებშიც კი ახასიათებს გარდაუვალი უარყოფითი შედეგები, რაც პირველ რიგში გამოიხატება შემოსავლების უსამართლო განაწილებასა და ასეთივე ურთიერთობებში თანმხლები დაპირისპირებით სოციალურ ფენებს შორის აუნაზღაურებელი დანაკარგებით. მისი აზრით, ბაზარი, ერთი მხრივ, ეკონომიკის ეფექტიანობას კი განაპირობებს, მაგრამ, მეორე მხრივ, გარდაუვალად იწვევს რესურსებისა და შემოსავლების უსამართლო განაწილებას, ეკონომიკის განვითარების დამუხრუჭებას, სოციალურ კონფლიქტებს და აქედან გამომდინარე არანაკლებ მასშტაბურ საზოგადოებრივ ხარჯებს, რაც ხელს უშლის ეკონომიკური ოპტიმუმის მიღწევას. მათი პრევენცია და კომპენსაცია სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ეკონომიკაში ჩარევით და სათანადო სოციალური პოლიტიკის გატარებით;

მესამე, ა. პიგუს არგუმენტებით სრულყოფილი კონკურენციის პირობებში ჩამოყალიბებული საბაზრო ფასები და შემოსავლები მხარეთა ინტერესებს კი შეესაბამება, მაგრამ წინააღმდეგობაში მოდის მიმდინარე და გრძელვადიან საზოგადოებრივ ინტერესებთან, რაც პერსტექტიული ინვესტირების და ეკონომიკური ზრდის მოტივებს ახშობს. ამდენად, ბაზარი გარდაუვალად წარმოშობს წინააღმდეგობას კერძო და სახელმწიფოებრივ ინტერესებს შორის, რაც მან ,,დივერგენციის‘‘ ცნებით გამოხატა (დივერგენცია – ლათინური წარმოშობის სიტყვა, რომელიც გულისხმობს წარმოშობით მსგავსი მონათესავე მოვლენების, პროცესებისა და ობიექტების ნიშან-თვისებების დაშორებას ევოლუციური განვითარების პროცესში). ეს დაპირისპირება იმდენად ანტაგონისტური და მასშტაბურია, რომ მათი გადაწყვეტა მხოლოდ სახელმწიფოს ჩარევითაა შესაძლებელი;

მეოთხე, ა. პიგუს დასაბუთებით, შემოსავლებისათვის დამახასიათებელი კლებადი სარგებლიანობა განაპირობებს სახელმწიფოს მიერ მათი ისეთი სამართლიანი გადანაწილების შესაძლებლობას, როდესაც ღარიბი მოსახლეობის ცხოვრების დონე გაიზრდება უფრო მეტად, ვიდრე შემცირდება მდიდრებისა. ეს გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ დაბალი შემოსავლების ერთობლივი სარგებლიანობის ნაზრდი მეტია მაღალი შემოსავლების ჯამურ კლებაზე, რაც თავის მხრივ, უზრუნველყოფს მაქსიმალური საზოგადოებრივი კეთილდღეობას მიღწევას ისე, რომ უარყოფით ზემოქმედებას არ მოახდენს ბიზნესის მოტივაციაზე და ეკონომიკის განვითარებაზე. აქედან გამომდინარე, საერთო საზოგადოებრივი კეთილდღეობის ზრდა სავსებით შესაძლებელია ეკონომიკის არსებული დონის პირობებში, ისე, რომ მოსახლეობის მდიდარი ფენის ინტერესები ნაკლებად ზარალდება. ამ მიზნის მიღწევა კი პროგრესიული გადასახადების და დოტაციის სისტემის შემოღებითაა შესაძლებელი;

მეხუთე, ა. პიგუმ გამოყო სახელმწიფოს მარეგულირებელი ეკონომიკური პოლიტიკის ორი ფორმა – პირდაპირი და ირიბი. ეკონომიკაზე პირდაპირი ზემოქმედების მეთოდად მიიჩნია გადასახადები და სუბსიდირება. გადასახადები უნდა იყოს, ერთი მხრივ, პროგრესიული, ხოლო მეორე მხრივ – ოპტიმალური, დაფუძნებული მხარეთა ,,უმცირეს ერთობლივ მსხვერპლზე‘‘. ირიბი ზემოქმედების მეთოდებად მიჩნეულია: კონტროლი ფასებზე, პროდუქციის გამოშვების მოცულობაზე, ხარისხზე და სხვა, რაც უპირველესად მონოპოლიების წინააღმდეგ იქნება გამოყენებული;

მეექვსე, ა. პიგუ საზოგადოებრივი კეთილდღეობის ძირითად მაჩვენებლად მიიჩნევს ეროვნული შემოსავლის ანუ ,,ეროვნული დივიდენდის“ ოდენობას, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც შემოსავლები სამართლიანად ნაწილდება. უსამართლო განაწილების პირობებში შესაძლოა ერთ მოსახლეზე ეროვნული დივიდენდი გაიზარდოს, მაგრამ ეს მოხდეს შეძლებული უმცირესობის კიდევ უფრო გამდიდრებისა და დანარჩენი მოსახლეობის შემოსავლების შემცირების ხარჯზე.

საბოლოოდ ა. პიგუ აკეთებს დასკვნას, რომ საბაზრო ეკონომიკის ეფექტიანი მდგრადი განვითარების, საყოველთაო კეთილდღეობისა და ეკონომიკური ოპტიმუმის მისაღწევად ბაზრის ,,უხილავი ხელის‘‘ პოლიტიკა უნდა შეივსოს ეკონომიკის სახელმწიფოებრივი რეგულირებით, თუნდაც იმიტომ, რომ ბაზრის მარეგულირებელ ფუნქციას საფრთხე არ შეექმნას.

ა. პიგუს უმთავრესი დამსახურებაა ცალკეული პიროვნებების, ბიზნესისა და საზოგადოებრივი ინტერესების ჰარმონიზაციის მიღწევის შესაძლებლობის დასაბუთება, რაც შემდეგ საფუძვლად დაედო ,,საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს“ თეორიის დამუშავებასა და განხორციელებას მსოფლიოს დიდ ნაწილში. მისი ძირითადი სამეცნიერო ნაშრომებია: ,,სიმდიდრე და კეთილდღეობა’’ (1912), ,,კეთილდღეობის ეკონომიკური თეორია“ (1920), ,,სამრეწველო აქტიურობის რყევა“ (1929), ,,სტაციონარულ მდგომარეობათა ეკონომიკა“ (1935).

ნეოლიბერალების სოციალური შეხედულებები. ნეოლიბერალიზმის ძირითადი სოციალური იდეები ასახულია მისი გამორჩეული წარმომადგენლების ლუდვიგ მიზესის (1881-1973), ალექსანდრ რიუსტოვის (1885-1963), ვალტერ ოიკენის (1991-1950), ლუდვიგ ერჰარდის (1897-1977), ვილჰელმ რიოპკეს (1899-1966), ფრიდრიხ ჰაიეკის (1899-1992), ალფრედ მიულერ-არმაკის (1901-1978)), მილტონ ფრიდმენის (1912-2006) და სხვათა ნაშრომებში, თუმცა თითოეული მათგანის მიხედვით მეურნე ადამიანის თავისუფლების საზღვრები განსხვავებულია და იცვლება საკმაოდ დიდ არეალში შეუზღუდავი სამეურნეო ქმედებებიდან და სახელმწიფოს სოციალური პოლიტიკის სრული უგულვებელყოფიდან დაწყებული, მათი ქცევის რაციონალურ სახელმწიფოებრივ რეგულირებასა და აქტიური სოციალური დაცვის მექანიზმის მოთხოვნამდე.

ნეოლიბერალიზმის წინააღმდეგობრივი ბუნების გამო ამჟამად მისი იდეებით თავიანთ ეკონომიკურ მსოფლმხედველობას ამართლებენ როგორც ულტრა-ლიბერალური, ისე რეგულირებადი სოციალური ეკონომიკის მომხრე ეკონომისტები და პოლიტიკოსები, რაც სერიოზულ გაუგებრობას იწვევს. ამიტომ ამ პრობლემას უფრო დეტალურად განვიხილავთ.

ნეოლიბერალიზმის ძირითად წარმომადგენელთა შეხედულების ანალიზი აჩვენებს, რომ ერთმანეთისაგან უნდა გაიმიჯნოს მემარჯვენე ნეოლიბერალიზმი, რომელიც სრულყოფილად თვლის მხოლოდ აბსოლუტურად თავისუფალ ბაზარს სახელმწიფოს ყოველგვარი ჩარევის გარეშე და მემარცხენე ნეოლიბერალიზმი – ,,ორდოლიბერალიზმი‘‘, რომელიც ეკონომიკაში სახელმწიფოს რაციონალური ზომით ჩარევისა და სოციალური ორიენტაციის აუცილებლობას ასაბუთებს. მემარჯვენე ნეოლიბერალთა მტკიცებით სახელმწიფოს ჩარევა ეკონომიკაში დასაშვებია ერთადერთი მიმართულებით – მან უნდა უზრუნველყოს საბაზრო ეკონომიკის სამართლებრივი ბაზის, ინფრასტრუქტურისა და ინსტიტუტების ფორმირება. ამის შემდეგ საბაზრო მექანიზმი დამოუკიდებლად დაარეგულირებს ეკონომიკას.

ნეოლიბერალიზმის მიმათულებათა ასეთი გამიჯნვა წერტილს დაუსვამს მისი იდეებით წინააღმდეგობრივ სპეკულაციას. ნეოლიბერალიზმის ამ ორი ფრთიდან საბოლოოდ გაიმარჯვა მენარცხენე მიმართულებამ, არა მარტო მიმდევრების რაოდენობით და დასაბუთებით, არამედ იდეების პრაქტიკული გამოყენების თვალსაზრისითაც – თანამედროვე ცივილიზებული ქვეყნების სოციალურ-ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სამართლებრივ მოწყობას ამ მიმართულების იდეოლოგია დაედო საფუძვლად.

მემარჯვენე ნეოლიბერალიზმის წარმომადგენლები და მათი შეხედულებები. მემარჯვენე ნეოლიბერალები გამოირჩეოდნენ არა მარტო ლიბერალური ბაზრის იდეალიზაციით, არამედ მარქსისტული სოციალიზმის მწვავე კრიტიკით და წინასწარმეტყველებდნენ მის გარდაუვალ კრახს, რაც შემდეგში აღსრულდა კიდეც (ძირითადი წარმომადგენლები: ლ. მიზესი და ფ. ჰაიეკი).

ლუდვიგ მიზესი. ავსტრიული წარმოშობის ამერიკელი ეკონომისტი ლ. მიზესი (1881-1973) თავის ძირითად დასკვნებს აყალიბებს თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის ანტიპოდის – ცენტრალიზებულად რეგულირებადი მარქსისტული სოციალიზმის კრიტიკის ფონზე. იგი მსოფლიო სოციალისტური სისტემის დაშლამდე სამოცდაათი წლით ადრე ასაბუთებს მის უპერსპექტიობას და რღვევის გარდაუვალობას შემდეგი არგუმენტების საფუძველზე: ცენტრალიზებული გეგმური სოციალიზმი არ ითვალისწინებს რეალურ საბაზრო ფასებსა და მოთხოვნა-მიწოდებას, როგორც ეკონომიკის ძირითად რეგულატორებს. ასეთ სისტემაში ირღვევა ეკონომიკის წონასწორობა, შემოსავლები ვეღარ ფარავენ ხარჯებს, საქონელი იწარმოება არა ინდივიდუალურ და საზოგადოებრივ მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად, არამედ თვითმიზნად ქცეული აბსურდული გეგმების შესასრულებლად. ამის გამო ეკონომიკა იქცევა სახელმწიფოს მხრიდან ძალადობის მსხვერპლად და ,,გეგმურ ქაოსად‘‘, რომელიც უკვე თვითონ მართავს პოლიტიკურ სისტემას და დაღუპვისაკენ მიაქანებს.

ლ. მიზესის აზრით, ეკონომიკაში ასეთ ჩარევას შედეგად მოჰყვება მასობრივი კორუფცია, ეკონომიკის ეფექტიანობის დაცემა, ინოვაციური იდეების ჩაკვლა, პროგრესის შეფერხება და სხვა. ეს ხდება მაშინ, როდესაც თავისუფალი ბაზარი ხასიათდება დემოკრატიულობით, სადაც მომხმარებელი მთავარი ფიგურაა და შერჩეული საქონლის ყიდვის აქტით განსაზღვრავს ბიზნესის შემოსავლებს, ეკონომიკის სტრუქტურას და განვითარების მიმართულებებს. მისი შედეგებია სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის დაჩქარება, ინოვაციების მასობრივი დანერგვა, წარმოების ეფექტიანობის ზრდა, ეკონომიკური პროგრესი და მოსახლეობის კეთილდღეობის მაღალი დონე. ამდენად, ლ. მიზესის კონცეფციით კერძო საკუთრებასა და ბუნებრივ წესრიგზე დამყარებული ლიბერალური საბაზრო ეკონომიკა წარმოადგენს განვითარების ერთადერთ მისაღებ რაციონალურ გზას.

ფრიდრიხ ჰაიეკი. ფ. ჰაიეკი (1899-1992) წარმოშობით გერმანელი, ინგლისში მოღვაწე ეკონომისტი, ლ. მიზესის მსგავსად, რადიკალურად ეწინააღმდეგებოდა ეკონომიკაში სახელმწიფოს ჩარევას და თვლიდა, რომ მხოლოდ სპონტანური – შინაგანი ბუნებრივი მიზეზებით, აუცილებლობით და კანონზომიერებებით განპირობებული საბაზრო წესრიგი უზრუნველყოფს დასახული სოციალურ-ეკონომიკური მიზნების მიღწევას და საზოგადოებრივ კეთილდღეობას. იგი მწვავედ დაუპირისპირდა ტოტალიტარულ სოციალისტურ ეკონომიკას, განიხილავს მას, როგორც ,,ეკონომიკურ მონობას“ და ასაბუთებს მისი სრული რღვევის გარდაუვალობას. ამასთან, ჯერ კიდევ იმ დროს, როდესაც საბაზრო ეკონომიკის სახელმწიფოებრივი რეგულირების კეინზური იდეები ურყევად იყო მიჩნეული და პრაქტიკით გამოცდილი, ასაბუთებს, რომ მხოლოდ ეკონომიკურ თავისუფლებაზე, ბუნებრივ წესრიგზე და შეუზღუდავ კონკურენციაზე დაფუძნებულ საბაზრო ეკონომიკას შეუძლია უზრუნველყოს ინოვაციური ცოდნის, უახლესი პროდუქტების, ახალი სრულყოფილი ტექნოლოგიების გავრცელება და ამდენად, ეკონომიკის პროგრესული განვითარება.
ადამიანის სამეურნეო თავისუფლების სფეროში ფ. ჰაიეკი იმდენად შორს წავიდა, რომ მოითხოვა ეკონომიკაში და სოციალურ ურთიერთობებში სახელმწიფოს სრული ჩაურევლობა. მისი აზრით, ადამიანის თავისუფლება იზღუდება ერთადერთი პირობით – თითოეული ინდივიდის თავისუფლებამ არ უნდა დააზარალოს სხვათა უფლებები. მეურნე ადამიანის უფლებებში ჩარევას, დამოუკიდებლად უზრუნველყოს საკუთარი კეთილდღეობა, ადრე თუ გვიან მივყავართ ,,ადმინისტრაციულ დესპოტიზმამდე“ და საყოველთაო გაღატაკებამდე. მომდევნო ათწლეულებმა მისი შეხედულებების მართებულობა თავისუფალი ბაზრის იდეალურობის შესახებ ასევე არ დაადასტურა, რადგან მსოფლიოს დიდ ნაწილში სახელმწიფოს მიერ რეგულირებადი, ჰარმონიული და პროგრესულად განვითარებადი სოციალური ეკონომიკა ჩამოყალიბდა.

მემარცხენე ნეოლიბერალიზმის ძირითადი წარმომადგენლები და მათი შეხედულებები. მემარცხენე ნეოლიბერალური კონცეფცია წარმოიშვა XX საუკუნის 20-იან წლებში ჯერ ნეოკლასიკური მიმართულების, ხოლო შემდეგ კეინზიანობის საპირწონედ, მაგრამ ხასიათდება არა უკიდურესი მიდგომებით, არამედ ამ ორი წინააღმდეგობრივი მსოფლმხედველობის რაციონალური შერწყმის კლასიკურ მაგალითად გვევლინება. მისი ძირითადი წარმომადგენლებია: ა. რიუსტოვი (1885-1963), ვ. ოიკენი (1991-1950), ლ. ერჰარდი (1897-1977), ვ. რიოპკე (1899-1966) და ა. მიულერ-არმაკი (1901-1978). მსოფლიო დონის ამ უდიდესმა ეკონომისტებმა არა მარტო განუზომელი წვლილი შეიტანეს ეკონომიკის მეცნიერების განვითარებაში, არამედ ეწეოდნენ აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობას, ეკავათ მაღალი სახელისუფლებო თანამდებობები და უშუალოდ მონაწილეოდნენ საკუთარი იდეების პრაქტიკულ განხორციელებაში.

ნეოლიბერალიზმის ეს მიმართულება, ერთი მხრივ, ემყარება ბაზრის სუბიექტთა თავისუფლების პრიორიტეტულობისა და საბაზრო ეკონომიკაში სახელმწიფოს ჩაურევლობის კლასიკურ იდეას, რომლის თანახმად სრულყოფილ კონკურენციაზე დაფუძნებულ საბაზრო ეკონომიკას უნარი შესწევს დამოუკიდებლად გამოვიდეს კრიზისიდან და უზრუნველყოს მყარი საბაზრო წონასწორობა, ზრდის სტაბილური ტემპი და მაღალი ეფექტიანობა. მეორე მხრივ, მიიჩნევს, რომ რეალურ პირობებში საბაზრო ეკონომიკის შინაგანი მარეგულირებელი კონკურენციის მექანიზმის უწყვეტი კვლავწარმოება ვერ ხერხდება, რადგან მისი გავლენით გადარჩებიან და იმარჯვებენ ძლიერი ფირმები, რომლებიც საბოლოოდ მონოპოლისტებად იქცევიან.

რამდენადაც საბაზრო ეკონომიკისათვის დამახასიათებელი ,,არატიპიური პათოლოგიების“ მთავარი მიზეზი კონკურენციის შეზღუდვა და მონოპოლიების მიერ საბაზრო მექანიზმის დეფორმირებაა, მთავრობა ვალდებულია ჩაერიოს ისეთი ზომით, რომ ყოველმხრივ წაახალისოს კერძო საკუთრება, უზრუნველყოს სამეწარმეო თავისუფლება, დაიცვას კონკურენცია და არ დაუშვას ეკონომიკის მონოპოლიზაცია. სამეურნეო პროცესებში ჩართულობა კი მიზანშეწონილია იმ შემთხვევებში, როდესაც საბაზრო მექანიზმი დამოუკიდევლად ვერ უმკლავდება გამოწვევებს. შესაბამისად, მემარცხენე ნეოლიბერალთა მსოფლმხედველობის ძირითადი პრინციპია - ,,კონკურენცია ყველგან, სადაც ეს შესაძლებელია, რეგულირება იქ, სადაც აუცილებელია‘‘.

მემარცხენე ნეოლიბერალთა მტკიცებით ეკონომიკაში სახელმწიფოს ჩარევა დასაშვებია შემდეგი მიმართულებით:

პირველი, სახელმწიფოს მოვალეობაა აქტიურად დაიცვას თავისუფალი კონკურენცია და განახორციელოს მკაცრი ანტიმონოპოლიური პოლიტიკა;

მეორე, ნეოკლასიკოსებისა და მემარჯვენე ნეოლიბერალებისაგან განსხვავებით, მემარცხენეები ასაბუთებენ, რომ აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს ,,საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს“ ჩამოყალიბება, სოციალურად ორიენტირებული რეგულირებადი ეკონომიკის შექმნა და აქტიური სოციალური პოლიტიკის განხორციელება. შესაბამისად, ისინი გამოდიან აბსოლუტური საბაზრო ლიბერალიზმის წინააღმდეგ და მისი მხოლოდ მსუბუქი შეზღუდვის შესაძლებლობას უშვებენ. კეინზიანობისაგან საპირისპიროდ კი თვლიან, რომ სახელმწიფო ეკონომიკაში შედარებით ნაკლები ზომით უნდა ჩაერიოს.

მემარცხენე ნეოლიბერალიზმის ძირითად პარადიგმას შეადგენს, ერთი მხრივ, სამეწარმეო თავისუფლებისა და ეკონომიკის თვითრეგულირების საბაზრო მექანიზმის, ხოლო, მეორე მხრივ, მასში სახელმწიფოებრივი ჩარევის ოპტიმალური შერწყმა. მაგრამ, თუ სად გადის რაციონალური საზღვარი ამ ორ უკიდურეს მიდგომას შორის, ეს როგორც თვით ეკონომიკის თეორეტიკოსების, ისე პოლიტიკოსების მწვავე დისკუსიის საგანია.

გერმანულ ნეოლიბერალიზმს სხვაგვარად ვ. ოიკენის მიერ შერქმეულ სახელს _ ,,ორდოლიბერალიზმსაც’’ უწოდებენ. გერმანული სიტყვა – წესრიგს ნიშნავს, ხოლო ორდოლიბერალიზმი გაიგება, როგორც სახელმწიფო ინსტიტუციურ წესრიგსა და შეზღუდულ ჩარევაზე დამყარებული საბაზრო ეკონომიკა.

ვალტერ ოიკენი. გერმანული ნეოლიბერალიზმის გამორჩეული წარმო-მადგენელი, ორდოლიბერალი და ფრაიბურგის სკოლის დამფუძნებელი ვ. ოიკენი (1991-1950) სამეცნიერო მოღვაწეობას იწყებს გასული საუკუნის ოციან წლებში პირველი მსოფლიო ომით ეკონომიკურად გაჩანაგებულ და დემორალიზებულ გერმანიაში და ასრულებს მისი იდეებით და აქტიური მონაწილეობით ჩამოყალიბებული სოციალური საბაზრო მეურნეობის პირობებში. მან თავიდანვე გააცნობიერა, რომ ეკონომიკის კლასიკური და ნეოკლასიკური თეორიის ფუნდამენტური დებულებები სამეურნეო პრაქტიკაში აღარ მუშაობდა, ვერ უზრუნველყოფდა უმუშევრობის დაძლევას, ინფლაციის მოთოკვასა და მეურნეობის გამოყვანას კრიზისიდან. მიმდინარე მოვლენების გამოკვლევის შედეგად იგი აკეთებს მკაფიო დასკვნას, რომ კრიზისული სიტუაციიდან ერთადერთი გონივრული გამოსავალი სოციალურ-ეკონომიკურ პროცესებში სახელმწიფოს რაციონალური ზომით ჩარევა და ,,სამეურნეო წესრიგის’’ დამყარებაა. მისი შეხედულებები კიდევ უფრო განამტკიცა ოცდაათიანი წლების უაღრესად სახიფათო მსოფლიო ,,ბაზრის ფიასკო“, რაც უშუალოდ აისახა მის ნაშრომებში, სადაც არა მარტო ეკონომიკის პრობლემების ფუნდამენტური თეორიული მხარეა საფუძვლიანად შესწავლილი, არამედ პრაქტიკული გადაწყვეტის გზებიცაა შეთავაზებული.

მომდევნო პერიოდში ვ. ოიკენმა სამეცნიერო მოღვაწეობა მარქსისტული სოციალიზმისა და კაპიტალისტური საბაზრო ეკონომიკის ფუნქციონირების კანონზომიერებათა გამოკვლევისაკენ წარმართა, რომელთა შორის, მისი არგუმენტაციით, განვითარების ერთადერთი მისაღები გზა საბაზრო ეკონომიკაა, თუმცა არა ისე, როგორც ნეოკლასიკოსებსა და მემარჯვენე ნეოლიბერალებს ესმით. მან მხარი დაუჭირა ე. წ. ,,მესამე გზას“ – რეგულირებადი სოციალური საბაზრო მეურნეობის ფორმით, რომელიც გააერთიანებს კაპიტალიზმისა და სოციალიზმის უპირატესობებს და საზოგადოების ჰარმონიულ პროგრესულ განვითარებას უზრუნველყოფს. მის უმთავრეს დამსახურებად მიჩნეულია, ერთი მხრივ, სახელმწიფოს მიერ ინსტიტუციურად ორგანიზებული, ხოლო, მეორე მხრივ, ბუნებრივ წესრიგზე დამყარებული თავისუფალი ბაზრის შესახებ ახალი ეკონომიკური მსოფლხედველობის ჩამოყალიბება, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდგომ გერმანიაში საფუძვლად დაედო ,,სოციალური საბაზრო მეურნეობის“ კონცეფციის შექმნასა და პრაქტიკულ განხორციელებას.

ვ. ოიკენის ძირითადი სამეცნიერო წვლილია:
- ,,ეკონომიკური წესრიგის“ კონცეფციის შემუშავება;
- ახალი მიდგომები საზოგადოებრივი წყობის ფორმების შესახებ;
- კონკურენციისა და მონოპოლიზაციის პროცესების რეალისტური ხედვა;
- ეკონომიკაში სახელმწიფოს ჩარევის პოლიტიკის თეორიული საფუძვლების ჩამოყალიბება და შესაბამისი პრინციპების შემუშავება.
,,ეკონომიკური წესრიგის“ კონცეფცია. ვ. ოიკენის კონცეფციიდან გამომდინარე ეკონომიკური (სამეურნეო) წესრიგის არსი იმაში გამოიხატება, რომ სახელმწიფოს ჩარევა ეკონომიკაში ზღვარდებულია მის მიერ ისეთი ეკონომიკური სიტუაციის დამკვიდრებით, რომლის პირობებშიც სამეურნეო პროცესები მიმდინარეობს თავისთავად და სპონტანურად სახელმწიფოს აქტიური მონაწილეობის გარეშე. შესაბამისად, ეკონომიკური წესრიგში ვ. ოიკენი გულისხმობს ინსტიტუციურად მოწესრიგებულ საბაზრო მექანიზმს, რომელიც ყალიბდება სრულყოფილი კონკურენციის პირობებში სახელმწიფოს აქტიური ძალისხმევით. ასეთი სახელმწიფოებრივი წესრიგი ორი მიმართულებით უნდა ჩამოყალიბდეს: პირველი, უზრუნველყოფლი იქნეს თავისუფალი კონკურენციის დაცვა, მონოპოლიზაციის ტენდენციების შეზღუდვა და უკვე არსებული მონოპოლიების მოქცევა ნორმატიულ ჩარჩოებში; მეორე, განხორციელდეს თავისუფალი კონკურენციის უარყოფითი ეფექტების, უპირველესად კი სოციალური უსამართლობის აღმოფხვრა.
ეკონომიკური წესრიგის შემადგენელი კომპონენტებია: მეურნეობრიობის სამართლიანი საკანონმდებლო სისტემა, კონკურენციისა და მონოპოლიზაციის რეგულირების ინსტიტუციური მექანიზმი, ოპტიმალური თანაფარდობა კერძო და სახელმწიფო საკუთრებას შორის, სახელმწიფოებრივი რეგულირების პირდაპირი და ირიბი მეთოდების რაციონალური შერწყმა. მისი დანიშნულებაა სამეურნეო სუბიექტების ინტერესების კოორდინაცია იმ მიზნით, რომ აღმოფხვრილი იქნეს წინააღმდეგობა მათ ინდივიდუალურ ქცევებსა და საზოგადოებრივ მიზნებს შორის. ვ. ოიკენის მიერ 1936 წელს წამოყენებული ეკონომიკური წესრიგის კონცეფცია თავდაპირველად ფრაიბურგის სკოლის, ხოლო შემდეგში გერმანული სოციალური საბაზრო მეურნეობის ფუნდამენტად იქცა.
საზოგადოებრივი წყობის ფორმები. საზოგადოებრივი წყობის ფორმების მარქსისტული კლასიფიკაციის (პირველყოფილ-თემური საზოგადოება, მონათმფლობელობა, ფეოდალიზმი, კაპიტალიზმი და კომუნიზმი) საპირისპიროდ ვ. ოიკენმა მათი ორი ფორმა გამოყო - ცენტრალიზებულად მართვადი მეურნეობა (მონათმფლობელობა, ფეოდალიზმი, სოციალიზმი, ფაშიზმი) და საბაზრო მეურნეობა (კაპიტალიზმი), რომლებიც ერთმანეთისაგან განსხვავდებიან სამეურნეო გეგმებისა და გადაწყვეტილებების მიღების მეთოდების მიხედვით. მათ შორის, საბაზრო მეურნეობა წმინდა სახით ემყარება ადამიანთა ინდივიდუალურ თავისუფლებას და რეგულირდება საბაზრო ფასების მექანიზმის საშუალებით, სადაც სახელმწიფო მხოლოდ ,,ღამის გუშაგის“ ფუნქციებს ასრულებს. ცენტრალიზებული ეკონომიკა იმართება ზემდგომი ბიუროკრატიის ბრძანებების საფუძველზე, არ ითვალისწინებს საბაზრო მექანიზმის ფუნქციონირების კანონზომიერებებს და გადაქცეულია ,,სახალმწიფო ზემონოპოლიად“. მისთვის დამა¬ხასიათებელი დეფექტებით. მეურნეობრიობის თითოეული ეს ფორმა პრაქტიკაში არსებობს არა წმინდა სახით, არამედ თავისთავში აერთიანებს საპირისპირო სისტემის ნიშნებსაც იმის მიხედვით, თუ როგორია სახელმწიფოს მიერ ეკონომიკის წარმართვის კონსტიტუციურად დაკანონებული პრინციპები. მათ შორის, გაცილებით პროგრესულია საბაზრო მეურნეობა, რადგან იგი უზრუნველყოფს ეკონომიკის უფრო მაღალ ეფექტიანობასა და საზოგადოებრივ კეთილდღეობას.

მეურნეობრიობის ეს ფორმები ყალიბდება არა სტიქიურად, არამედ სახელმწიფოს მიზანმიმართული ქმედებების შედეგად. წმინდა საბაზრო ეკონომიკის პირობებში სახელმწიფო გაცნობიერებულად არ ერევა ეკონომიკაში, ხოლო ცენტრალიზებული ეკონომიკა წარმოიშობა იმის შედეგად, რომ სახელმწიფო მთლიანად თავის თავზე იღებს მისი მართვის ყველა ბერკეტს.

კონკურენცია და მონოპოლიზაცია. ვ. ოიკენმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ბაზრის ფორმების (კონკურენციული, ნაწილობრივ ოლიგოპოლიური, ოლიგოპოლიური, ნაწილობრივ მონოპოლიური და მონოპოლიური ბაზრები) გამოკვლევას. მათ შორის, ფასი მხოლოდ სრულყოფილი კონკურენციის ბაზარზე ასრულებს სამეურნეო პროცესების რეგულატორის ფუნქციას. მონოპოლიები არა მარტო ფასებზე ახდენენ ძალადობრივ ზემოქმედებას, რაც იწვევენ ბაზრების დეფორმაციას და მისი თვითრეგულირების მექანიზმის რღვევას, არამედ აყალიბებენ მონოპოლიურად დაბალ დისკრიმინაციულ ხელფასს. ეს კი, ერთი მხრივ, ანგრევს შრომის ბაზარს, ხოლო მეორე მხრივ, აუარესებს მოსახლეობის ცხოვრების დონეს და იწვევს სოციალურ დაპირისპირებას ისეთი დანაკარგებით, რომელიც თავისუფალი ბაზრის დადებითი ეფექტის დიდ ნაწილს გადაფარავს. რამდენადაც სრულყოფილი კონკურენცია შეუძლებელია მიღწეული იქნეს ,,ბაზრის უხილავი ხელის“ პოლიტიკის პირობებში, იგი უნდა ჩამოყალიბდეს სახელმწიფოს მიერ სამართლებრივ ნორმებზე დაფუძნებული ,,კონკურენციული წესრიგით“.

მონოპოლიები, როგორც ეკონომიკაში სახელმწიფოს ჩაურევლობის მცდარი პოლიტიკისა და სტიქიური საბაზრო ხელისუფლების გარდაუვალი ხინჯიანი შედეგი, წარმოიშობიან კონკურენციულ ბრძოლაში გამარჯვებისა და ამ საფუძველზე წარმოების კონცენტრაციის შედეგად, რომლებიც შემდეგ თავისი გავლენის ქვეშ აქცევენ სახელმწიფო მმართველობით ორგანოებს, არღვევენ საბაზრო წესრიგს, იწვევენ კრიზისებს და უზომოდ მდიდრდებიან მოსახლეობის ფართო ფენების გაღატაკების ხარჯზე. შესაბამისად, ხდება სახელმწიფოსა და ეკონომიკის შერწყმა მახინჯი ფორმებით, რომლის დროსაც ხელისუფლება გამოხატავს არა სახელმწიფოებრივ, არამედ მსხვილი მონოპოლიების ინტერესებს. ამ სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალია სახელმწიფოს მიერ ისეთი ეკონომიკური წესრიგის დამყარება, რომელიც შეზღუდავს მონოპოლიზაციის პროცესს და უზრუნველყოფს სრულყოფილ კონკურენციას.

სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკის პრინციპები. ვ. ოიკენის დამსახურებაა ასევე სახელმწიფოს ,,ძალდაუტანებლობის ეკონომიკური პოლიტიკის“ პრინციპების დამუშავება, რომლის თანახმად ეკონომიკა უნდა ფუნქციონირებდეს და ვითარდებოდეს არა ზემოდან მოსული ვოლუნტარისტული დირექტივებით, არამედ, ქვემოდან, საზოგადოებრივი ძალების შემოქმედებითი ძალისხმევის და კონკურენციის თავისუფლების გათვალისწინებით. ამასთან, სახელმწიფო პირდაპირ კი არ ერევა ეკონომიკაში, არამედ ახორციელებს ისეთ პოლიტიკას, რომელიც უზრუნველყოფს სამეურნეო წესრიგის ძირითადი და მარეგულირებელი პრინციპების დაცვას. ძირითადი პრინციპები უზრუნველყოფენ კონკურენციული წესრიგს, ხოლო მარეგულირებელი პრინციპები მიმართულია მონოპოლიებზე კონტროლსა და ბაზრის სხვა დეფექტების დაძლევაზე, უპირველესად კი – სოციალური სამართლიანობის დამკვიდრებაზე.

ვ. ოიკენი ძირითად პრინციპებს მიაკუთვნებს: ეფექტური კონკურენტული საბაზრო გარემოს შექმნას, ფულის მიმოქცევის სტაბილიზაციას, კერძო საკუთრების დაცვას, კონტრაქტების დადების თავისუფლებას, ბაზარზე შესვლის თავისუფლებას, სამეურნეო გადაწყვეტილებებზე პიროვნული პასუხისმგებლობას, სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკის თანმიმდევრულობასა და მდგრადობას. მარეგულირებელი პრინციპებია: სახელმწიფოს სამართლიანი სოციალური პოლიტიკის განხორციელება, ანტიმონოპოლიური პოლიტიკა და ეკონომიკის სტაბილიზაციის პოლიტიკა. ამასთან, სამეურნეო წესრიგი და ეკონომიკური პროგრესი მიიღწევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკა იქნება მდგრადი და პროგნოზირებადი, რაც უზრუნველყოფს ნდობის ატმოსფეროს ჩამოყალიბებას მასშტაბური ინვესტიციების განხორციელებისათვის.
ვ. ოიკენის ძირითადი ნაშრომებია: ,,სახელმწიფო სტრუქტურების ცვლილებები და კაპიტალიზმის კრიზისი“ (1932), ,,კაპიტალის თეორიის კვლევა“ (1934), ,,ეროვნული ეკონომიკის საფუძვლები“ (1940) და ,,ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი საფუძველი“ (1952).

ალექსანდრე რიუსტოვი. ა. რიუსტოვი (1885-1963), ტერმინ ,,ნეოლიბერალიზმის‘‘ ავტორი, მრავალმხრივი განათლების (ფილოსოფია, ეკონომიკა, სოციოლოგია, სამართალი, მათემატიკა, ბუნებათმცოდნეობა, ფიზიკა) მქონე გერმანელი ეკონომისტი, სამეცნიერო ასპარეზზე გამოდის XX საუკუნის 20-იან წლებში, როდესაც ერთმანეთს უკომპრომისოდ უპირისპირდება მარქსისტული კომუნიზმისა და ნეოკლასიკური ლიბერალური საბაზრო ეკონომიკის იდეოლოგიები.

როგორც შესაბამისი კონცეფციების, ისე რეალური სოციალურ-ეკონომიკური სისტემების – დასავლური კაპიტალიზმისა და რუსული ტოტალიტარული სოციალიზმის კრიტიკული გამოკვლევის საფუძველზე მან გააცნობიერა, რომ გარდაუვალი გახდა ისეთი რაციონალური კომპრომისის მოძიება უკვე უიმედოდ გაკოტრებულ ,,პალეოლიბერალიზს“ და სახიფათო უპერსპექტივო ,,კოლექტიურ სოციალიზმს“ შორის, რომელიც შეითავსებს ამ სისტემების დადებით მხარეებს და კაცობრიობას შესაძლებლობას შეუქმნის ღირსეულად იცხოვროს. მისი სამეცნიერო მოღვაწეობის ძირითად პარადიგმად იქცა გერმანელი ეკონომისტისა და სოციოლოგის ფ. ოპენჰაიმერის (1864-1943) მოსაზრება კაპიტალიზმისა და კომუნიზმის უპირატესობათა შერწყმის შესახებ, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ,,მესამე გზის“ ფორმით, რომელსაც ,,თავისუფალი სოციალური მეურნეობა“ დაედება საფუძვლად. ა. რიუსტოვის არგუმენტაციით ასეთი სისტემის ფუნქციონირების ძირითადი პრინციპი უნდა გახდეს წინააღმდეგობრივი ეკონომიკურ-პოლიტიკური ტანდემი: ,,თავისუფალი ბაზარი – ძლიერი სახელმწიფო“, რომელიც სპონტანურად რეგულირდება საბაზრო მექანიზმით, ხოლო ჩარევა ,,სახელმწიფო ინტერვენციონიზმის“ პოლიტიკის ფორმით ხორციელდება მხოლოდ საგანგებო სიტუაციებში ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით.

ა. რიუსტოვი ,,ძლიერი სახელმწიფოს“ იდეის დასაბუთების დროს გამოდის იმ გარემოებიდან, რომ მსხვილ მონოპოლისტურ ბიზნესს ფინანსური ძლიერების გამო საშუალება აქვს თავისი ეგოისტური მიზნების მისაღწევად მავნე ზემოქმედება მოახდინოს ხელისუფლებაზე, რაც ასუსტებს საბაზრო მექანიზმს და საბოლოდ ისევ თავისუფალ მეწარმობას აზარალებს. ამიტომ ასეთი ქმედება შესაბამისი კანონმდებლობისა და ინსტიტუციების შექმნის გზით მკაცრად უნდა იქნას აღკვეთილი.

ა. რიუსტოვი ეთანხმება იმ დებულებას, რომ თავისუფალი კონკურენცია წარმოადგენს საბაზრო ეკონომიკის ეფექტიანი ფუნქციონირების საფუძველთა საფუძველს, მაგრამ ამასთან ასაბუთებს, რომ იგი იმავდროულად, თავისი სტიქიური ბუნების გამო, გარდაუვალად წარმოშობს მონოპოლიებს და აძლიერებს მათ ნეგატიურ გავლენას ეკონომიკის ზრდასა და ეფექტიანობაზე. ამ ტენდენციების დაძლევა და ჭეშმარიტად თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის დაცვა შეუძლია მხოლოდ სახელმწიფოს, რისთვისაც ხელისუფლებას შესთავაზა შეექმნა ეფექტური ,,სახელმწიფო საბაზრო პოლიცია“ (ანტიმონოპოლიური სამსახური), რომელიც უზრუნველყოფდა ჯანსაღ საბაზრო კონკურენციას, აღკვეთდა მონოპოლიზაციის პროცესს და მკაცრ ეკონომიკურ და სამართლებივად მიზანშეწონილ ჩარჩოებში მოაქცევდა მათ საქმიანობას. ა. რიუსტოვის ეს და ბევრი სხვა სოციალურ-ეკონომიკური ინიციატივა პრაქტიკულად განხორციელდა როგორც გერმანიაში, ისე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.

ა. რიუსტოვის სამეცნიერო ნაშრომებია: ,,სიყალბე. თეორია და გადაწყვეტა“ (1908), ,,ბრძოლა ეკონომიკური ხელისუფლების ბოროტად გამოყენებასთან“ (1923), ,,თანამედროვეობის ადგილის განსაზღვრა“ (1937), ,,ეკონომიკური ლიბერალიზმის ჩავარდნა“ (1945), ,,კაპიტალიზმსა და სოციალიზმს შორის“ (1945), ,,მრეწველობა და კულტურა“ (1955), ,,სამრეწველო სასწაულის უკანა მხარე“ (1961).

ვილჰელმ რიოპკე. ნეოლიბერალიზმის მომდევნო თვალსაჩინო შვეიცარიელი წარმომადგენელი ვ. რიობკე (1899-1966) სამოღვაწეო ასპარეზზე გამოდის ასევე XX საკუნის 20-იან წლებში. მომდევნო ოცდაათიანებში იგი აქტიურად ემხრობა კეინზიანობას, თუმცა შემდგომ მკვეთრად ემიჯნება და საბოლოდ გადადის მემარცხენე ნეოლიბერალიზმის პოზიციებზე, მკვიდრდება როგორც სოციალური საბაზრო მეურნეობის თეორიის ერთ-ერთი გამორჩეული თეორეტიკოსი და თავის შეხედულებებს ,,მიზანშეწონილი სამეურნეო წესრიგის“ პარადიგმაზე ამყარებს.

ვ. რიობკე ამ ნაშრომებში ეკონომიკური სისტემების ორ ჯგუფს გამოყოფს _ საბაზროს და ტოტალიტარულს. საბაზრო სისტემაში ,,მიზანშეწონილი სამეურნეო წესრიგის“ საფუძველია ,,თავისუფლება“, რომელიც ეფუძნება ბაზრის, კონკურენციისა და თავისუფალი ფასწარმოქმნით დამკვიდრებულ წონასწორობას. ტოტალიტარული ეკონომიკური სისტემის (იმდროინდელ მსოფლიოში - ფაშიზმი და გეგმური სოციალიზმი) ქვაკუთხედს კი შეადგენს ,,ბრძანება“, რაც გულისხმობს სახელმწიფოს მიერ გადაწყვეტილებების მიღებას ეკონომიკის ობიექტური კანონებისა და პირობების გაუთვალისწინებლად, ვოლუნტარისტულ დაგეგმვას და შრომისადმი არაეკონომიკურ ადმინისტრაციულ იძულებას. იმის გამო, რომ ვერც ერთი ეს სისტემა ,,მიზანშეწონილ სამეურეო წესრიგს“ ვერ უზრუნველყოფს, აუცილებელი ხდება მესამე გზის მოძიება ,,სოციალური საბაზრო მეურნეობის“ სახით, სადაც საბაზრო ძალებზე დაყრდნობით (თავისუფალი კონკურენცია და საბაზრო ფასწარმოქმნა) მიიღწევა ,,ბუნებრივი სამეურნეო წესრიგი“, მოსახლეობის მაქსიმალურად შესაძლო კეთილდღეობა და სოციალური სამართლიანობა. ასეთმა მეურნეობამ თვისებრივად ახალ საფუძველზე უნდა გააერთიანოს არსებული სისტემების პრაქტიკით გამოცდილი დადებითი მხარეები, სადაც სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკით უზრუნველყოფილი იქნება სამეურნეო წესრიგი, შრომისა და სამეწარმეო საქმიანობის მაღალი მოტივაცია და ადამიანის შესაძლებლობათა სრული გამოვლენა-განვითარება.

თავისი მოღვაწეობის კეინზიანურ პერიოდში ა. რიობკე ახლებურად უდგება ეკონომიკური ციკლების რეგულირების პრობლემას. კერძოდ, თვლის, რომ ციკლური განვითარების დეპრესიის ფაზის ორი ფორმა არსებობს – პირველადი და მეორეული. პირველადი დეპრესია წარმოიშობა წინამდებარე აღმავლობის ფაზაში ჭარბი კაპიტალის დაგროვების შედეგად, რომლისგანაც ეკონომიკა კრიზისის ფაზაში თავისთავად სუფთავდება და ამდენად, სახელმწიფოს ჩარევა საჭირო არაა. მეორეული დეპრესიის ფაზაში მიმდინარეობს პირველადი დეპრესიის კუმულაციური (კუმულაციური – დაგ¬როვებადი, განსაზღვრული მიმართულებით კონცენტრირებულად წარმართული პროცესი) გადაზრდა წარმოებისა და ფასების შემცირებაში, რომელიც დამოკიდებული არაა პირველადი დეპრესიის გამომწვევ მიზეზებზე. იმის გამო, რომ ბაზარს მისი დამოუკიდებლად დაძლევის უნარი არა აქვს, აუცილებელი ხდება სახელმწიფოს მიერ ფისკალურ პოლიტიკაზე დაფუძნებული ანტიკრიზისული პოლიტიკის განხორციელება. ნეოლიბერალურ პოზიციებზე გადასვლის შემდეგ ვ. რიობკემ პრინციპულად უარყო კეინზური ფისკალური პოლიტიკის კონცეფცია, რადგან მის გარდაუვალ შედეგად მიიჩნია მოუთოკავი ინფლაცია და სახელმწიფო ფინანსების კრიზისი.

ვ. რიობკეს კვლევის მეთოდოლოგიურ თავისებურებას მულტიდისციპლინარული მიდგომა წარმოადგენს, რომლის შესაბამისად იგი ეკონომიკურთან ერთად ფართოდ იყენებს ფილოსოფიის, ფსიქოლოგიის, სოციოლოგიის, ისტორიისა და ეთიკის მეთოდოლოგიას და გამოდის იმ გარემოებიდან, რომ ეკონომისტი, რომელიც მხოლოდ ეკონომისტია, შეუძლებელია იყოს კარგი ეკონომისტი, რაც თანამედროვე პირობებში კიდევ უფრო აქტუალური გახდა.

ვ. რიობკეს ძირითადი ნაშრომებია: ,,კონიუნქტურა“ (1922), ,,კრიზისი და კონიუნქტურა“ (1932), ,,თანამედროვეობის საზოგადობრივი კრიზისი“ (1942), ,,საზოგადოებრივი წესრიგი“ (1948) და ,,ჰუმანური საზოგადოება“ (1950).

ალფრედ მიულერ-არმაკი. გერმანელი სწავლული-ეკონომისტი და პოლიტიკური მოღვაწე, რეალური გერმანული სოციალიზმის შემოქმედის ლ. ერჰარდის თანამებრძოლი ა. მიულერ-არმაკი (1901-1978) დიდ სამეცნიერო წვლილთან ერთად გამოირჩევა იმით, რომ ნეოლიბერალებიდან პირველმა 1946 წელს დაასაბუთა და სამეცნიერო ხმარებაში შემოიტანა ტერმინი ,,სოციალური საბაზრო მეურნეობა‘‘. მისი განმარტებით ასეთ მეურნეობაში იგულისხმება სოციალურ-ეკონომიკური წესრიგი, სადაც სახელმწიფოს მიერ მიზანმიმართულად ორგანიზებულ ჯანსაღ კონკურენციაზე დაფუძნებული საბაზრო ეკონომიკა წარმოშობს სოციალური პროგრესის საიმედო გარანტიებს და ამდენად, თვითონ კონკურენცია ქმნის ეკონომიკურ ბაზას სოციალური პროგრამების ეფექტური ორგანიზაციისათვის.

ა. მიულერ-არმაკის მტკიცებით, ტოტალიტარული ეკონომიკური სისტემებისაგან განსხვავებით, რომლებიც ახშობენ როგორც მეწარმეობის, ისე დაქირავებულების ინიციატივის თავისუფლებას და ამდენად, ეკონომიკის განვითარების პერსპექტივებს, სოციალური საბაზრო მეურნეობა უზრუნველყოფს ერთი შეხედვით შეუთავსებელი მიზნების – სოციალური სამართლიანობის, ბაზრის სუბიექტების ინტერესთა ჰარმონიის, მდგრადი ეკონომიკური ზრდისა და ეფექტიანობის ერთდროულ მიღწევას. ამ ურთულესი, მანამდე გადაუწყვეტი პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია ეკონომიკის სახელმწიფოებრივი რეგულირებით, რომლის ძირითადი ინსტრუმენტებია:

პირველი, ფულის მასის სტაბილიზაციის პოლიტიკა;

მეორე, საგადასახადო პოლიტიკა, რომელმაც ერთი მხრივ, სოციალური ღონისძიებების განხორციელებაზე შეღავათიანი გადასახადების დაწესებით, ხოლო, მეორე მხრივ, მაღალი შემოსავლებისა და ქონების პროგრესიული დაბეგვრის გზით უნდა უზრუნველყოს სახელმწიფოს სოციალური პოლიტიკის განხორციელება, მოქალაქეთა კეთილდღეობის ამაღლება და სოციალური სამართლიანობა;

მესამე, საბიუჯეტო ხარჯების პოლიტიკა, რომლითაც ერთდროულად იქნება უზრუნველყოფილი სოციალური თანასწორობა და ბაზრის ყველა მონაწილის ინიციატივების მოტივაცია;

მეოთხე, სტრუქტურული საკუთრებრივი პოლიტიკა, რომელიც წაახალისებს კერძო სექტორის გაფართოებას, დაქირავებული სამუშაო ძალის დანაზოგების ინვესტირება-თანამონაწილეობას ბიზნესში და მსხვილი საკუთრების დემონოპოლიზაციას.

მიულერ-არმაკის განსაკუთრებული დამსახურება ორდოლიბერალიზმის განვითარებაა. კერძოდ, თუ ვ. ოიკენის აზრით თვით სოციალური სამართლიანობა, როგორც კონკურენციული წესრიგის შინაგანი ელემენტი და შედეგი, დამოუკიდებლად უზრუნველყოფს საბაზრო მეურნეობის ეფექტიან ფუნქციონირებას, მიულერ-არმაკის მტკიცებით სახელმწიფომ გარედან უნდა განახორციელოს ისეთი სოციალური პოლიტიკა, რომელიც გამოათანაბრებს სამეურნეო საქმიანობის უსამართლო შედეგებს. აქედან გამომდინარე, ეკონომიკაში კონკურენციის როლზე არსებული შეხედულებები გადაჭარბებულია. ეკონომიკა სტაბილურად და ეფექტიანად მუშაობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც თავისუფალი კონკურენცია ორგანულად ეხამება სახელმწიფოს მიერ სინქრონულად წარმართულ სოციალურ და მარეგულირებელ პოლიტიკას. ასეთ სისტემაში სოციალური მიზნები თამაშობენ ისეთივე მნიშვნელოვან როლს, როგორსაც ეკონომიკური მიზნები ისე, რომ იგი ახამებს ეკონომიკურ და სოციალურ პოლიტიკას. მასში ურთიერთობა მეწარმეებსა და დაქირავებულ მუშაკებს შორის ემყარება ,,სოციალური პარტნიორობის“ პრინციპს, რომელმაც მინიმუმამდე უნდა დაიყვანოს სოციალური დაპირისპირების რისკი. აქედან მომდინარეობს ა. მიულერ-არმაკის სოციალურ-ეკონომიკური მსოფლმხედველობის ძირითადი პარადიგმა: ,,ბაზრებზე თავისუფლების პრინციპისა და სოციალური თანასწორობის პრინციპის შეხამება“.

ა. მიულერ-არმაკის ძირითადი სამეცნიერო ნაშრომებია: ,,ეკონომიკური რეგულირება და საბაზრო მეურნეობა“ (1947), ,,წინადადებები სოციალური საბაზრო მეურნეობის განცორციელებაზე“ და ,,სოციალური საბაზრო მეურნეობის პრინციპები“ (1965).

ლუდვიგ ერჰარდი და მისი სოციალურ-ეკონომიკური რეფორმა. მემარცხენე ნეოლიბერალიზმის იდეების მიხედვით შემუშავებული სოციალური საბაზრო მეურნეობის (ეკონომიკის) მოდელის დასრულებული კონცეფცია პირველად შემუშავდა და პრაქტიკულად განხორციელდა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ გერმანიაში ამ მიმართულების თვალსაჩინო წარმომადგენლის ლ. ერჰარდის (1897-1977) ხელმძღვანელობით. თუმცა ამ პროცესს წინ უძღოდა მე-19 საუკუნის ოთხმოციან წლებში გერმანიის კანცლერის ო. ბისმარკის სოციალური რეფორმები და მთელ მომდევნო პერიოდში ამერიკელი და ევროპელი, მათ შორის, განხილული გერმანელი სწავლული-ეკონომისტების მიერ ჩატარებული ფუნდამენტური თეორიული გამოკვლევები.

წინამორბედებსა და თანადროულ თანამოაზრეებზე დაყრდნობით ლ. ერჰარდმა ჩამოაყალიბა ახალი დასრულებული სოციალურ-ეკონომიკური მსოფლმხედველობა, რომლის თანახმად თანამედროვე თავისუფალი ბაზარი უნდა იყოს ერთი მხრივ, სახელმწიფოს მიერ ინსტიტუციურად ორგანიზებული, რეგულირებული და სოციალურად ორიენტირებული, ხოლო მეორე მხრივ, შინაგან ბუნებრივ წესრიგსა და თავისუფალ კონკურენციაზე დამყარებული. ამ დიდი რეფორმატორის შეხედულებები სოციალურ-ეკონომიკური გარდაქმნების თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებზე ასახულია 1957 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში, ,,კეთილდღეობა ყველასათვის’’.

ლ. ერჰარდის ძირითადი სამეცნიერო ნაშრომებია: ,,გერმანიის დაბრუნება მსოფლიო ბაზარზე’’ (1953), ,,კეთილდღეობა ყველასათვი“ 1957) და მოხსენებისა და სტატიების კრებული ,,გერმანიის ეკონომიკური პოლიტიკა. სოციალური საბზრო მეურნეობის გზა“ (1962).

,,სოციალური საბაზრო ეკონომიკის გერმანული მოდელი“ გარკვეული მოდიფიკაციებით შემდეგში ჯერ დასავლეთ ევროპის, ხოლო შემდეგ დანარჩენ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში დაინერგა. ეს მოდელები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან იმით, თუ როგორია სოციალური პროგრამების დაფინანსება, ბაზრის თავისუფლება, ეკონომიკის სახელმწიფოებრივი რეგულირების მასშტაბები, სახელმწიფოს წილი ეკონომიკაში, სახელმწიფო ბიუჯეტის როლი ეროვნული შემოსავლის გადანაწილებაში და სხვა [ნ. ჭითანავა, ლ. თაკალანძე, 2008. გვ. 44].

ამდენად, ნეოლიბერალიზმის ძირითადი წარმომადგენლების იდეების განხილვა აჩვენებს, რომ მათ არსებითი ტრანსფორმაცია განიცადეს ბაზრის სრული თავისუფლების მოთხოვნიდან რეგულირებადი სოციალური მეურნეობის კონცეფციამდე. ამასთან, თუ პროცესს ისტორიულ ჭრილში განვიხილავთ, ეს გარემოება მხოლოდ სწავლულ-ეკონომისტთა პოლიტიკური თუ სამეცნიერო გემოვნებით ან სუბიექტური მენტალური ჰუმანურობით კი არ იყო ნაკარნახევი, არამედ ეკონომიკის განვითარების ობიექტური კანონზომიერებებით განპირობებულ გარდაუვალ შედეგს წარმოადგენს. ამიტომ, როდესაც ჩვენში ცალკეული პოლიტიკოსები და ეკონომისტები ნეოლიბერალიზმზე დაყრდნობით კატეგორიულად მოითხოვენ სრულიად თავისუფალი ეკონომიკის ფორმირებას, ეს ნიშნავს როგორც თანამედროვე პოლიტიკურ-ეკონომიკური ცოდნისა და მსოფლიო გამოცდილების, ისე დამკვიდრებული რეალობის უარყოფას და წარსულში, ჯუნგლის კანონებზე დაფუძნებულ ეკონომიკაზე დაბრუნების მცდელობას.

მიუხედავად იმისა, რომ კლასიკურ, ნეოკლასიკურ და მემარჯვენე ნეოლიბერალურ თეორიასთან შედარებით მემარცხენე ნეოლიბერალიზმი აშკარად წინგადადგმული ნაბიჯი იყო სახელმწიფოს სოციალურ-ეკონომიკური მოწყობის ჰუმანიზაციისა და თავისუფალი ბაზრის პათოლოგიების დაძლევის მიმართულებით, იგი მაინც გარდამავალ ეტაპს წარმოადგენს გაცილებით სრულყოფილი „საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს თეორიის“ ჩამოყალიბების გზაზე, რომელმაც დასრულებული სახე სოციალური ეკონომიკის შვედურ მოდელში მიიღო.

ჯონ კეინზის სოციალური შეხედულებები. მე-20 საუკუნის დასაწყისიდან ოცდაათიან წლებამდე ჩამოყალიბებულმა კრიტიკულად სახიფათო სისტემურმა პოლიტ-ეკონომიკურმა და სოციალურმა კრიზისმა თვალსაჩინო გახადა ნეოკლასიკური თეორიის უუნარობა, აეხსნა მათი გამომწვევი მიზეზები და დაესახა შექმნილი კატასტროფული სიტუაციიდან გამოსვლის გზები. ეს ბრწყინვალედ შეძლო ჯ. კეინზმა (1883-1946), რომელმაც არა მარტო გამოიკვლია ერთი შეხედვით გამოუვალი გლობალური კრიზისის გამომწვევი მიზეზები, არამედ ამ საფუძველზე წინამორბედებისაგან განსხვავებული კუთხით მეცნიერულად დაასაბუთა ახალ შეცვლილ პირობებში ეკონომიკაში, მათ შორის სოციალურ ურთიერთობებში, სახელმწიფოს აქტიური ჩართულობის აუცილებლობა, რითაც ეკონომიკის მეცნიერებაში რევოლუციური გადატრიალება მოახდინა. ეს აღმოჩენა შემდეგში ეკონომიკის ზოგადი თეორიის ახალ მიმართულებათა უმთავრეს პარადიგმად იქცა, უპირველესად საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს თეორიისთვის. კერძოდ, ჯ. კეინზმა აჩვენა, რომ თვითდინებაზე მიშვებული და ბაზრის ,,უხილავ ხელზე“ დამყარებული ეკონომიკა გარდაუვალად წარმოშობს სოციალურ უსამართლობას, უმუშევრობას და სიღარიბეს, რაც თავის მხრივ, გამანადგურებელ საფრთხეს უქმნის საზოგადოების მდგრად პოლიტიკურ განვითარებას. ამიტომ ეკონომიკის მინდობა მხოლოდ კერძო ბიზნესსა და ბაზარზე, მისი სტაბილური განვითარებისა და საზოგადოებრივი კეთილდღეობისათვის უსაფრთხო არაა. მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს ეკონომიკის ციკლური განვითარება, რის გამოც აუცილებელი ხდება მისი სახელმწიფოებრივი რეგულირება და ,,თავისუფალი ეკონომიკური ძალებისამი ლაგამის ამოდება“, თუნდაც ისეთი მკაცრი ღონისძიებების გატარებით, როგორიცაა შემოსავლების გადანაწილება მოსახლეობის სოციალურად დაუცველი ნაწილის სასარგებლოდ.

ჯ. კეინზმა თავისი ძირითადი დებულებები ეკონომიკის რეგულირებისა და სოციალიზაციის აუცილებლობის შესახებ ჩამოაყალიბა ფუნდამენტური ნაშრომის –,,დასაქმების, პროცენტისა და ფულის ზოგადი თეორია“ ბოლო თავში – ,,დასკვნითი შენიშვნები სოციალურ ფილოსოფიაზე, რაზეც შეიძლება მიგვიყვანოს ზოგადმა თეორიამ“. შემოსავლების ზრდის პირობებში მოხმარებისა და ინვესტირებისადმი მიდრეკილების კანონზომიერებების გამოკვლევის საფუძველზე იგი მიიჩნევს, რომ სრული დასაქმების მიღწევამდე კაპიტალისა და ამდენად, ეკონომიკის ზრდა მუხრუჭდება მოხმარებისადმი სუსტი მიდრეკილებით, რის გამოც შემოსავლების გადანაწილების გზით ამ პროცესის გაძლიერებაზე მიმართული სახელმწიფოებრივი ღონისძიებები ეკონომიკური ზრდისათვის ფრიად ხელსაყრელი იქნება [ჯ. კეინზი, 1995, გვ. 406-407]. ეს გარემოება მიუთითებს ცენტრალიზებული სახელისუფლებო კონტროლის შექმნის აუცილებლობაზე. სახელმწიფომ გავლენა უნდა მოახდინოს მოხმარებისადმი მიდრეკილებაზე ნაწილობრივ საგადასახადო სისტემის, ნაწილობრივ პროცენტის ნორმის ფიქსირებით და სხვა ხერხებით [ჯ. კეინზი. იქვე, გვ. 411].

აქედან გამომდინარე შემოსავლების გადანაწილება და ამ საფუძველზე სოციალური სამართლიანობის დამკვიდრება აუცილებელია არა მარტო ჰუმანური, არამედ ინვესტიციების სტიმულირების, სრული დასაქმებისა და ბიზნესის განვითარების ინტერესების თვალსაზისითაც. თუ მთავრობის ფუნქციების გაფართობა ვინმეს ,,შემაძრწუნებელ თავდასხმად მოეჩვენება, მე პირიქით ვიცავ მას, როგორც ერთადერთ პრაქტიკულად შესაძლო ამოცანას – აცილებულ იქნას არსებული ეკონომიკური ფორმების სრული დაშლა და როგორც პირობა პირადი ინიციატივის წარმატებული ფუნქციონირებისათვის“ [ჯ. კეინზი. იქვე, გვ. 414]. ამასთან, ,,სოციალიზაციის აუცილებელი ღონისძიებები შეიძლება შევიტანოთ თანდათანობით, საზოგადოების ჩამოყალიბებული ტრადიციების რღვევის გარეშე“ [ჯ. კეინზი. იქვე, გვ. 412].

ნაშრომის ბოლოს ჯ. კეინზი მიმართავს მისი დასკვნების მიმართ სკეპტიკურად განწყობილ კონსერვატორებს: ,,ხომ არ ითვლება ამ იდეების განხორციელება მოჩვენებით ოცნებად?“ და იქვე სცემს პასუხს: ,,პრაქტიკოსი ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს თვლიან ინტელექტუალური გავლენებისაგან სრულიად ხელშეუხებლად, ჩვეულებრივ წარსულის რომელიმე ეკონომისტის მონებად ითვლებიან. უგუნურები ხელისუფლებაში, რომელთაც ზეციური ხმა ესმით, თავიანთ ახილებულობას ღებულობენ რომელიმე აკადემიური მჯღაბნელის ქმნილებიდან“ [ჯ. კეინზი. იქვე, გვ. 416-417].

ჯ. კეინზის და მისი და მიმდევრების იდეები არ დარჩენილა მხოლოდ ნაშრომებში. მათი გამოყენებით მოხერხდა მეოცე საუკუნის ოცდაათიანი წლების კატასტროფული ეკონომიკური კრიზისის დაძლევა აშშ-ში და დიდ ბრიტანეთში, ხოლო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ – მთლიანად დასავლეთ ევროპის ქვეყნებში. თუ გავითვალისწინებთ იმდროინდელ კრიტიკულ საერთაშორისო პოლიტიკურ, სამხედრო და სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებას, შეიძლება დაბეჯითებით ითქვას, რომ ჯ. კეინზმა კალმით შეძლო მსოფლიო ცივილიზაციის გადარჩენა და ისტორიის ბორბლის წაღმა შემობრუნება.

ჯ. კეინზმა სახელმწიფოს სოციალურ-ეკონომიკური როლის გაძლიერების აუცილებლობის დასაბუთებით მძლავრი მიძგი მისცა საყოველთაო კეთილდღეობის თეორიის ჩამოყალიბებასა და დანერგვას მსოფლიოს დემოკრატიულ ქვეყნებში. იგი მთელი თავისი მოღვაწეობის პროცესში აქტიურად უჭერდა მხარს ამ იდეას და მიაჩნდა, რომ სახელმწიფოს უმთავრესი მისია საყოველთაო კეთილდღეობის დამკვიდრებაა.

უ. ბევერიჯის სოციალური შეხედულებები. საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს თეორიის ერთ-ერთ შემოქმედად და განმახორციელელად მიჩნეულია ჯ. კეინზის თანამოაზრე ბრიტანელი მრავალმხრივი საზოგადო მოღვაწე (ექსპერტი, პოლიტიკოსი, ლონდონის ეკონომიკური სკოლის ხელმძღვანელი, პარლამენტარი და რეფორმატორი) უ. ბევერიჯი (1879-1963). იგი თვლიდა, რომ სიღარიბის დაძლევის ძირითადი გზაა დასაქმება და მთელი თავისი შემოქმედებითი ძალისხმევა და პრაქტიკული მოღვაწეობა ამ მიმართულებით წარმართა. მეოცე საუკუნის ოცდაათიან წლებში იგი მიდის დასკვნამდე, რომ მომავალი ეკუთვნის შერეულ ეკონომიკას, სადაც განხორციელდება ერთი მხრივ, ეკონომიკის ძირითადი დარგების ნაციონალიზაცია და კერძო საკუთარების შენარჩუნების პირობებში მოხდება სახელმწიფოებრივი დაგეგმვა, ხოლო მეორე მხრივ, ნაწილობრივ შეიზღუდება თავისუფალი საბაზრო ფასწარმოქმნა. ამ პერიოდიდან უ. ბევერიჯის მოღვაწეობაზე დიდ გავლენას ახდენს ჯ. კეინზის იდეები და მასთან აქტიური თანამშრომლობა.

უ. ბევერიჯის მოღვაწეობასა და თვით საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს დამკვიდრებაში გარდამტეხ ეტაპად ითვლება მის მიერ 1942 წელს დიდი ბრიტანეთის პარლამენტში წაკითხული მოხსენება: ,,სრული დასაქმება თავისუფალ საზოგადოებაში’’, რომელშიც აისახა ასეთი სახელმწიფოს ფუნქციონირების პრინციპები, დასაბუთდა გარანტირებული მინიმალური ხელფასის იდეა, ნაჩვენები იქნა სახელმწიფოს ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის ერთიანობის აუცილებლობა, რომელიც უპირველესად მოსახლეობის სრულ დასაქმებაზე უნდა იყოს მიმართული.

ამ მოხსენების შემდეგ შეიქმნა ბრიტანეთის რეკონსტრუქციის კომიტეტი მისივე თავმჯდომარეობით, რომელსაც დაევალა ყველა სოციალური პროექტის გაერთიანება ერთიან კოორდინირებულ გეგმად. ამ საფუძველზე მომზადებულ და პარლამეტისათვის წარდგენილ ახალ მოხსენებაში ,,სოციალური დაზღვევა და სოციალური მომსახურების სხვა სახეები“ აისახა დეტალურად დამუშავებული პრაქტიკული რეკომენდაციები. მასში საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს პროექტი განხილულია კეინზიანური მაკროეკონომური კონცეფციის თვალსაზრისით, ყველაზე არსებითი ნიშნის გამოყოფით – სახელმწიფოს მიერ პასუხისმგებლობის აღება მოქალაქეთა კეთილდღეობის ღირსეული დონის მიღწევაზე.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ბევერიჯის გეგმის საფუძველზე ბრიტანეთში განხორციელდა ძირეული სოციალურ-ეკონომიკური რეფორმები საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს დამკვიდრებისათვის, რომელსაც კეინზ-ბევერიჯის სახელით მოიხსენიებენ და ამჟამადაც საფუძვლად უდევს ამ ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ მოწყობას. ეს სისტემა ცნობილია სოციალური ეკონომიკის ბევერიჯულ მოდელად, რომელიც ევროპის ბევრ ქვეყანაში, აშშ-სა და კანადაში გამოიყენება.

გ. მიურდალის სოციალური შეხედულებები. საყოველთაო კეთილდღეობის თეორიის შემდგომი განვითარება მოხდა მე-20 საუკუნის 50-70-იან წლებში შვედი გ. მიურდალის (1898-1987) და ამერიკელი ჯ. გელბრეითის მჭიდრო თანამშრომლობით, რომლებიც თვლიდნენ, რომ სახელმწიფოს მიერ სოციალური პრობლემების გადაწყვეტა არა მარტო ჰუმანური და სამართლიანია, არამედ საზოგადოების პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სტაბილურობის აუცილებელ პირობასაც წარმოადგენს.

ამ პრობლემაზე გ. მიურდალის ძირითადი ნაშრომია წიგნი ,,კეთილდღეობის სახელმწიფოს საზღვრებში: ეკონომიკური დაგეგმვა და მისი საერთაშორისო შედეგები“ (1960), სადაც ავტორის კონცეფცია აგებულია კლასიკური და ნეოკლასიკური თეორიების კრიტიკის ფონზე, რომლებმაც, მისი აზრით, უარყვეს ეკონომიკის თეორიის მორალური პრობლემები. პარადიგმა იმის შესახებ, რომ ,,ბაზრის უხილავ ხელზე“ დაფუძნებული კონკურენტული ბაზრები ოპტიმალურობით ხასიათდებიან, მართებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გამოვრიცხავთ განაწილების უსამართლო ხასიათს. შესაბამისად, იმის გამო, რომ თავისუფალი ბაზარი სპონტანურად და პერმანენტულად წარმოშობს სოციალურ უსამართლობას მისი სახიფათო შედეგებით, ამდენად, ბაზრების ოპტიმალური მდგომარეობა რეალობაში არ არსებობს.

გ. მიურდალის დასაბუთებით, სოციალურ უთანასწორობას დანარჩენ ფაქტორებთან ერთად იწვევს ის გარემოება, რომ მდიდარი ადამიანების შესაძლებლობა დაუმსახურებლად მიითვისონ საზოგადოებრივი სიმდიდრის დამატებითი ნაწილი, იზრდება გაცილებით სწრაფად, ვიდრე მათი რეალური შემოსავლები და კაპიტალი, რაც ბაზრის ოპტიმალურ ფუნქციონირებას გამორიცხავს, მათ შორის იმ სეგმენტში, რომელიც შექმნილი დოვლათის განაწილებასთანაა დაკავშირებული. ამდენად, საბაზრო ეკონომიკის შეუფერებელი ფუნქციონირება და მდგრადი განვითარება შესაძლებელია მხოლოდ საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს პირობებში, სადაც რეგულირდება როგორც ეკონომიკა, ისე სოციალური ურთიერთობები. ასეთი ეკონომიკა ემყარება საკუთრების მრავალფეროვნებას, სახელმწიფოებრივ რეგულირებას, პროგნოზირებას, დაგეგმვას და აქტიურ სოციალურ პოლიტიკას, მიმართულს შემოსავლების სამართლიან განაწილებაზე, თითოეული მოქალაქის თვითრეალიზაციის თანაბარ სასტარტო პირობებზე. გ. მიურდალის მიერ შემუშავებული ეს კონცეფცია საფუძვლად დაედო ,,საბაზრო ეკონომიკის რეალური შვედური მოდელის’’ შექმნას, რომელიც დღემდე სანიმუშოდაა მიჩნეული.

ჯ. გელბრეითის სოციალური შეხედულებები. ჯ. გელბრეითი (1908-2006) ითვლება გ. მიურდალის სოციალური კონცეფციის გამგრძელებლად. მისი აზრით, საუკეთესო ეკონომიკური სისტემა ისაა, რომელიც აერთიანებს საბაზრო ეკონომიკისა და სოციალიზმის დადებით მხარეებს, ახდენს მათ ,,კონვერგენციას‘‘ და ამ საფუძველზე ხალხის ფართო მასებს უზრუნველყოფს ყოველივეთი, რაც მათ ყველაზე მეტად სჭირდებათ (კონვერგენცია - ლათინური წარმოშობის სიტყვა, რაც გულისხმობს წარმოშობით განსხვავებული მოვლენების, პროცესებისა და ობიექტების ნიშან-თვისებების დაახლოებასა და შერწყმას ევოლუციური განვითარების შედეგად). შესაბამისად, ასეთი ეკონომიკური სისტემის მდგრადი განვითარების აუცილებელი პირობაა არა მდიდარი ადამიანების მხარდაჭერა, არამედ ყველაზე ღარიბი მოქალაქეების ეკონომიკური აქტიურობის სტიმულირება. თუმცა სახელმწიფომ ისინი დაუმსახურებელ კმაყოფაზე კი არ უნდა აიყვანოს, არამედ საკუთარი თავისა და ოჯახის რჩენის ღირსეული პირობები და მოტივები შეუქმნას, რაც შესაბამისი რეფორმებითა და სოციალურ-ეკონომიკური ურთიერთობების რეგულირებითაა შესაძლებელი.
ასეთი რადიკალური ცვლილებების განხორციელების აუცილებლობას, სხვა მიზეზებთან ერთად, განაპირობებს ის გარემოებაც, რომ თანამედროვე ეკონომიკას არეგულირებს არა მარტო თავისუფალი კონკურენცია და ,,ბაზრის უხილავი ხელი“, ან თუნდაც ყველაზე მდიდარი მესაკუთრე-მეწარმეები, არამედ უპირატესად მსხვილი კორპორაციების მაღალანაზღაურებადი ტექნოკრატია, რომლებისთვისაც უცხოა როგორც სახელმწიფოებრივი ინტერესები, ისე სოციალური პრობლემები. ისინი ბიზნესის გაძლიერების, ფირმის პრესტიჟის ამაღლების, გაფართოების და ფინასური სტაბილურობის მიღწევის გზით მხოლოდ საკუთარი შემოსავლების გასაზრდელად იღვწიან, რისთვისაც უხეშად ერევიან ბაზრის ფუნქციონირების პროცესში, აკონტროლებენ მას და საბოლოოდ თვითრეგულირების მექანიზმის ჩამოშლას იწვევენ. ეს კი გარდაუვალად წარმოშობს უმუშევრობას, სოციალურ უსამართლობას და მოსახლეობის ფართო მასების ცხოვრების პირობების გაუარესებას.

პოლ სამუელსონის სოციალური შეხედულებები. ნეოკლასიკური სინთეზის თეორიის თვალსაზრისი სოციალური პრობლემებისადმი ჩამოყალიბებული აქვს პ. სამუელსონს ვ. ნორდჰაუსთან ერთად გამოცემულ ,,ეკონომიკის“ მეორე ტომში, სადაც იგი ერთმანეთს უდარებს, ერთი მხრივ, დანაკარგებს, რასაც სახელმწიფოს მიერ სოციალური პოლიტიკის განხორციელება იწვევს (განაწილების გაბერილი ადმინისტრაციული ხარჯები, გადასახადების გადამხდელთა და დახმარების მიმღებთა სამეურნეო აქტიურობის მოტივაციის დაქვეითება, ბიზნესის ეფექტიანობის შემცირება და სხვა), ხოლო მეორე მხრივ, დადებით ეფექტს, რასაც ეს პროგრამები იწვევენ და ასკვნის, რომ ,,სოციალური პროგრამები ხელს უწყობენ მწარმოებლურობისა და ეფექტიანობის გადიდებას და არ ამცირებენ გამოშვებას. სიღარიბის მანკიერი წრის გაწყვეტით ჩვენ ხელს შევუწყობთ კვალიფიკაციის ამაღლებას და ადამიანისეული კაპიტალის გადიდებას... ეს პროგრამები წარმოადგენენ ინვესტიციებს, რომლებიც რესურსებს დღეს მოითხოვენ, ხვალინდელი მწარმოებლურობის გასადიდებლად“ [პ. სამუელსონი, ვ. ნორდჰაუსი, 2000, გვ. 465].

სოციალური სახელმწიფოს შექმნის ქართული გამოცდილება. მეოცე საუკუნის დასაწყისში კაპიტალისტური საზოგადოების ჩარჩოებში სოციალური პრობლემების თეორიულ კვლევასა და 1918-1921 წლებში რეალურ ცხოვრებაში დანერგვაში დიდი წვლილი შეიტანეს ქართველმა სოციალ-დემოკრატებმა, რომლებმაც ევროპელ სწავლულებსა და პოლიტიკოსებს მთელი ოცდაათი წლით გაუსწრეს (წარმომადგენლები ნ. ჟორდანია, ს. ჯიბლაძე, ნ. ჩხეიძე, ნ. რამიშვილი, ა. ჩხენკელი, ე. გეგეჭკორი, ი. წერეთელი და სხვები). მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდის ქართველი სოციალ-დემოკრატები მარქსიზმის გავლენას ჯერ კიდევ განიცდიან, მკვეთრად გაემიჯნენ რუსულ ბოლშევიზმს, რომელიც მიზნად ისახავდა პროლეტარიატის სისხლიანი დიქტატურის დამყარებას და მათგან განსხვავებით ევროპაში საბაზრო ეკონომიკაზე დაფუძნებული პირველი დემოკრატიული სოციალური სახელმწიფო ჩამოაყალიბეს.

რუსეთისა და ევრაზიისმცოდნეობის პროფესორი ს. ჯონსი აღნიშნავს: საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია იყო დემოკრატიული მოძრაობა, რომელმაც წინა პლანზე სოციალური კლასები კი არ წამოსწია, არამედ მოქალაქეები. მათ სჯეროდათ, რომ საქართველო ევროპის ნაწილია და ამ გარემოების გათვალისწინებით თავიანთ სამოქმედო პრინციპებად აირჩიეს პლურალიზმი, ადამიანის და კერძო საკუთრების უფლებების დაცვა. ქართველმა სოციალ-დემოკრატებმა მე-20 საუკუნის ევროპაში შექმნეს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სახელმწიფოებრივი მოდელი პოლიტიკური და სოციალური თვალსაზრისით, სადაც ხელისუფლება ცდილობდა დაებალანსებინა, ერთი მხრივ, სამეწარმეო, ხოლო მეორე მხრივ, გლეხთა და მუშათა უფლებები. ისინი ცდილობდნენ კეთილდღეობის პრობლემები გადაეწყვიტათ სოციალური ეკონომიკის დახმარებით და არა კერძო ინიციატივების შეზღუდვით. მათ მსოფლიოში პირველებმა შექმნეს ლიბერალური დემოკრატიისა და ეკონომიკური პლურალიზმის საფუძვლები და პოლიტიკური მოწყობის ინოვაციური მოდელი, რომელიც დამყარებული იყო შერეულ ეკონომიკაზე და სახელმწიფოს პასუხისმგებლობაზე საზოგადოების კეთილდღეობისა და ქონების სამართლიანი გადანაწილების უზრუნველყოფის მისაღწევად. ეს იყო სოციალ-დემოკრატიული მოდელის წინამორბედი, რომელიც ევროპაში მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გავრცელდა [https://issuu.com/observer-diplomat/docs/diplomat-may/s/ 10577566].

ქართველი სოციალ-დემოკრატების მიერ განხორციელებული სოციალური ღონისძიებები ითვალისწინებდა:

- სახელმწიფოს მიერ პასუხისმგებლობის აღებას მოქალაქეთა კეთილდღეობის ამაღლებასა და სოციალურ უფლებებზე;
- მიწათმფლობელებისაგან ჭარბი მიწის გამოსყიდვას და გადაცემას გლეხობისათვის;
- მუშათა უფლებების დაცვის მიზნით შრომის სამართლიანი კანონმდებლობის შექმნას მათივე აქტიური ჩართულობითა და ევროპის სოციალისტური პარტიების ფუნდამენტური მოთხოვნების გათვალისწინებით;
- კერძო საკუთრების უფლების დაცვის სამართლებრივი მექანიზმების შექმნას, როდესაც სახელმწიფოს ხელში ქონების გადასვლა შესაძლებელი იყო მხოლოდ საგანგებო შემთხვევებში გამოსყიდვის გზით;
- განათლების სისტემის რადიკალური რეფორმის განხორციელება.
საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მოწყობის მოდელი მოიწონეს იმდროინდელმა ცნობილმა ევროპელმა თეორეტიკოსებმა და პოლიტიკოსებმა, მეორე სოციალისტური ინტერნაციონალის ლიდერმა კ. კაუცკიმ, ასევე ბელგიელ სოციალისტთა ლიდერმა ვანდერლენდემ და ბრიტანელ ლეიბორსტთა ლიდერმა მაკდონალდმა. მათ საქართველოში ვიზიტის დროს რეალური ვითარების გაცნობის შემდეგ საქართველოს სოციალურ-დემოკრატიული სახელმწიფოს მოდელი შეაფასეს, როგორც ევროპული სოციალური სახელმწიფოების მომავალი, სადაც მოქალაქე იქნება დაცული, უზრუნველყოფილი და უფლებებით გარანტირებული [https://ge.boel.org/ en/2018/11/22/ georgien-neu-bushstabiert-politik-und].

თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში ევროპის დანგრეული ეკონომიკის სწრაფ აღორძინებასა და აყვავებაში გადამწვვეტი როლი სწორედ სოციალურ-ეკონომიკურმა რეფორმებმა ითამაშა, მაშინ ცხადი ხდება, რომ არა აგრესიული ბოლშევიკური რუსეთის იმპერიის მიერ საქართ-ველოს ოკუპაცია და ძალადობრივი ე. წ. ,,გასაბჭოება“, ამჟამად ევროპის ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანა ვიქნებოდით.

საქართველოში ერთი საუკუნის წინათ გაცილებით მტრულ გარემოცვაში სოციალური სახელმწიფოს შექმნის წარმატებული, თუნდაც მოკლევადიანი პრეცენდენტი მეტყველებს, რომ თანამედროვე პირობებში, როდესაც უკეთეს საშინაო და საგარეო ვითარებასთან ერთად ყოველმხრივ დასაბუთებული კონცეფციები და პრაქტიკით მრავალგზის შემოწმებული ევროპული გამოცდილებაც არსებობს, ჩვენს ქვეყანაში მისი ხელახალი აღორძინება სავსებით რეალურ ამოცანას წარმოადგენს.

ნაშრომის ძირითადი დასკვნები

1. რუსეთის კომუნისტური იმპერიისაგან ძალადობრივად თავსმოხვეული მარქსისტული სოციალიზმის კრახიდან სამი ათეული წლის შემდეგ საქართველო აღმოსავლეთ ევროპის პოსტკომუნისტურ ქვეყნებს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური თვალსაზრისით ერთ-ერთ ყველაზე ჩამორჩენილ ქვეყნად ჩამოყალიბდა. ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც ამ ქვეყნების დიდი ნაწილი განვითარების დონით უკვე მიუახლოვდა დასავლეთ ევროპას.
2. ჩამორჩენის მიზეზების ძიება აჩვენებს, რომ მათ შორის უმთავრესი სოციალურ-ეკონომიკური მოწყობის მოდელის არასწორად შერჩევაა. კერძოდ, აღნიშნულმა ქვეყნებმა „შოკური თერაპიით“ დაწყებული რეფორმა მიიჩნიეს არა უწყვეტი პროგრესის პანაცეად, არამედ გააცნობიერეს, რომ ლიბერალური ბაზარი მხოლოდ დროებითი საშუალებაა ეკონომიკის გამოსაცოცხლებლად, რომელიც ადრე თუ გვიან ამოწურავს თავის შესაძლებლობებს და სახიფათო გვერდითი ეფექტების გამო განვითარების მუხრუჭად და საფრთხედ გადაიქცევა. ამიტომ ოთხმოცდაათიანი წლების მეორე ნახევრიდან გადავიდნენ რეფორმირების მომდევნო ეტაპზე და საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოები ჩამოაყალიბეს, რეგულირებადი, ინოვაციური, სოციალური საბაზრო ეკონომიკით, რაც მათი მრავალმხრივი პროგრესის უმთავრეს მიზეზად იქცა.
3. აღმოსავლეთ ევროპის ყველა წარმატებულ ქვეყანაში რეფორმები განხორციელდა არა ქაოსურად, ვოლუნტარისტული მიდგომებით, არამედ წამყვანი ეკონომისტების მიერ შემუშავებული მეცნიერულად დასაბუთებული სტრატეგიის საფუძველზე, რომლის ფუნდამენტს მკაფიო სოციალური ორიენტაცია შეადგენს.
4. მეოცე საუკუნის ორმოცდაათიანი წლებში ასეთ ეკონომიკაზე მასობრივად გადავიდნენ დასავლეთ ევროპის და დანარჩენი მსოფლიოს დემოკრატიული ქვეყნები, რომლის იდეოლოგიური საფუძველი ,,საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს თეორიაა“. ამ თეორიის თანახმად სოციალური სამართლიანობის დამკვიდრება სავსებით მიღწევადია ევოლუციური გზით – კერძო საკუთრების შენარჩუნების, პოლიტიკური დემოკრატიის გაღრმავებისა და სახელმწიფოს მიერ რეგულირებადი ბაზრის პირობებში. მოცემულ ვითარებაში, მორალურად გაცვეთილი ,,გვამური“ ლიბერალური საბაზრო ეკონომიკის გაიდეალება ნიშნავს ისტორიის დინების წინააღმდეგ ცურვას შესაბამისი ნეგატიური შედეგებით – პერმანენტულ პოლიტიკურ და სოციალურ კონფლიქტებში ჩაბმული ღარიბი ქვეყნის დონეს ვერასოდეს გავცდებით.
5. ეკონომიკის მეცნიერებაში ,,საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს“ ცნება (სინონიმი – სოციალური სახელმწიფო) პირველად მე-20 საუკუნის 30-იან წლებში ჯ. კეინზის მიერ იქნა შემოტანილი, ხოლო რეალობაში აშშ იმდროინდელმა რეფორმატორმა პრეზიდენტმა ფ. რუზველტმა დაამკვიდრა. თუმცა მისი იდეური საფუძვლები ათასწლეულების წინათ, ჯერ კიდევ პირველი ცივილიზაციის ქვეყნებში ჩაისახა და მუდმივი ევოლუციის შედეგად სათანადოდ მატერიალიზდა თანადროულ სახელმწიფოთა ეკონომიკასა და პოლიტიკაში. ამ პროცესის შედეგი იყო ძველი, სოციალურად დამძიმებული ეკონომიკური სისტემების კანონზომიერი ცვლა ახლით (მონათმფლობელობა, ფეოდალიზმი, ლიბერალური კაპიტალიზმი, რეგულირებადი სოციალური კაპიტალიზმი), რომლებიც ჰუმანურ საზოგადოებრივ ურთიერთობებთან ერთად ეკონომიკური პროგრესის გაცილებით მაღალ ტემპებს უზრუნველყოფდნენ. ამ მოვლენის მიზეზია ის გარემოება, რომ ახალი სისტემები განაპირობებდა როგორც უფრო მაღალ სამეწარმეო და შრომით მოტივაციას, ისე კლასთა შორის შედარებით ჰარმონიულ ურთიერთობებს, რომლის პირობებში ეროვნული ძალისხმევა ხმარდება არა დაპირისპირებასა და ნგრევას, არამედ აღმშენებლობას.
6. სოციალური მიღწევების მიუხედავად ეკონომიკის მონოპოლიზაციის შედეგად კლასობრივი დაპირისპირება გამწვავდა XX საუკუნის 20-იან წლებში, როდესაც თვითდინებაზე მიშვებული საბაზრო ეკონომიკისა და მწვავე კლასობრივი დაპირისპირების ფონზე სწავლულ ეკონომისტთა შრომებში სულ უფრო მკაფიოდ იკვეთება საბაზრო ურთიერთობების შენარჩუნების პირობებში სოციალური სამართლიანობის დამკვიდრების პრობლემა. შესაბამისად, დაიწყო საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს თეორიის ჩამოყალიბების პროცესი. კვლევა კიდევ უფრო გაძლიერდა 30-იანი წლების გლობალური ეკონომიკური კრიზისის პერიოდში, როდესაც მოსახლეობის ცხოვრების დონე იმდენად გაუარესდა თანამდევი სახიფათო პოლიტიკური და სოციალური პროტესტით, რომ თვით მსოფლიო ცივილიზაციას შეექმნა მომაკვდინებელი საფრთხე.
7. ამჟამად ქართველ ეკონომისტებსა და პოლიტიკოსებს შორის დომინირებს აზრი, თითქოს ქვეყანაში სოციალური სახელმწიფოს ჩამოყალიბების ძირითადი ხელისშემშლელი ფაქტორი ეკონომიკის დაბალი დონეა. თუმცა ევროპის პოსტსოციალისტური ქვეყნების სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებლების ანალიზი საპირისპიროზე მეტყველებს, რომ ქვეყნის ეკონომიკური პროგრესი უპირველესად სახელმწიფოს სოციალური პოლიტიკითაა განსაზღვრული, ხოლო განვითარებული ეკონომიკა, თავის მხრივ, სოციალური პროგრამების დაფინანსების შესაძლებლობას ზრდის. ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოს ძალისხმევა ორივე ამ მიმართულებით წარმოშობს მძლავრ ურთიერთგამაძლიერებელ სინერგიულ ეფექტს და პროგრესის მძლავრ მოტივებს. შესაბამისად, ჩამორჩენის ჯადოსნური წრის გასარღვევად რეფორმები ეკონომიკური და სოციალური მიმართულებით სინქრონულად უნდა წარიმართოს.
8. XX საუკუნის 20-იანი წლებიდან მოყოლებული საბაზრო ეკონომიკის სოციალურ-ეკონომიკურ ურთიერთობათა პრობლემების კვლევაში განსაკუთრებული დამსახურება მიუძღვით მსოფლიო მასშტაბის ეკონომისტებს ა. პიგუს, ჯ. კეინზს; ნეოლიბერალური სკოლის მემარცხენე ფრთის წარმომადგენლებს – ვ. ოიკენს, ლ. ერჰარდს, ა. რიუსტოვს, ვ. რიოპკეს და ა. მიულერ-არმაკს, ასევე შვედ გ. მიურდალს, ბრიტანელ უ. ბევერიჯს, ამერიკელებს – ჯ. გელბრეითს, პ. სამუელსონს, მ. ფრიდმენს და სხვებს, რომლებსაც ,,კეთილდღეობის ეკონომისტებსაც“ უწოდებენ.
9. ნეოკლასიკოსი ინგლისელი ა. პიგუ მეოცე საუკუნის გამორჩეულ სწავლულ-ეკონომისტთა შორის პირველია, რომელმაც საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები ფუნდამენტურად გამოიკვლია და დაამკვიდრა ტერმინი - ,,საყოველთაო კეთილდღეობა“. მან სამეცნიერო მოღვაწეობის მიზნად დაისახა საყოველთაო კეთილდღეობის მიღწევის გზების ძიება ნეოკლასიკური თეორიის ძირითადი პარადიგმების საფუძველზე, თუმცა სხვა წარმომადგენლების სარისპიროდ მეცნიერულად ასაბუთებს ხელისუფლების მიერ ეკონომიკის სახელმწიფოებრივი რეგულირებისა და სოციალური სამართლიანობის დამკვიდრების აუცილებლობას.
ა. პიგუმ დაასაბუთა, რომ საბაზრო ეკონომიკას თავისუფალი კონკურენციის პირობებშიც კი ახასიათებს გარდაუვალი უარყოფითი შედეგები, უპირველესად სოციალური უსამართლობის ფორმით, რაც იწვევს უკომპრომისო დაპირისპირებას სოციალურ ფენებს შორის – ,,დივერგენციას“ მასშტაბური ეკონომიკური დანაკარგებით. მათი პრევენცია და კომპენსაცია კი სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ეკონომიკაში ჩარევით და სათანადო სოციალური პოლიტიკის გატარებით. შემოსავლებისათვის დამახასიათებელი კლებადი სარგებლიანობა განაპირობებს სახელმწიფოს მიერ მათი ისეთი სამართლიანი გადანაწილების შესაძლებლობას, როდესაც ღარიბი მოსახლეობის ცხოვრების დონე გაიზრდება უფრო მეტად, ვიდრე შემცირდება მდიდრებისა. ეს უარყოფით ზემოქმედებას არ მოახდენს ბიზნესის მოტივაციაზე და ეკონომიკის განვითარებაზე. აქედან გამომდინარე, საზოგადოებრივი კეთილდღეობის ზრდა სავსებით შესაძლებელია ეკონომიკის არსებული დონის პირობებში. ამ მიზნის მისაღწევად ბაზრის ,,უხილავი ხელის“ პოლიტიკა უნდა შეივსოს ეკონომიკის სახელმწიფოებრივი რეგულირებით.
10. ამჟამად ჩვენში ნეოლიბერალიზმის იდეებით თავიანთ მსოფლმხედველობას უპირატესად თავისუფალი ,,არქელიბერალური’’ ეკონომიკის მომხრეები ამართლებენ. თუმცა ანალიზი აჩვენებს, რომ მასში მკაფიოდ იკვეთება ორი საპირისპირო მიმართულება – მემარჯვენე ნეოლიბერალიზმი, რომელიც სრულყოფილად თვლის თავისუფალ ბაზარს სახელმწიფოს ყოველგვარი ჩარევის გარეშე (ლ. მიზესი და ფ. ჰაიეკი) და მემარცხენე ნეოლიბერალიზმი – ,,ორდოლიბერალიზმი‘‘, რომელიც ეკონომიკაში სახელმწიფოს რაციონალური ზომით ჩარევისა და სოციალური ორიენტაციის აუცილებლობას ასაბუთებს (ვ. ოიკენი, ლ. ერჰარდი, ვ. რიოპკე, ა. რიუსტოვი, ა. მიულერ-არმაკი, მ. ფრიდმენი). ნეოლიბერალიზმის ამ ორი ფრთიდან საბოლოოდ გაიმაჯვა მენარცხენე მიმართულებამ არა მარტო სამეცნიერო დასაბუთებით, არამედ პრაქტიკული გამოყენებითაც – იგი ჯერ ,,გერმანული საბაზრო მეურნეობის მოდელს’’, ხოლო შემდეგ თანამედროვე დემოკრატიული ქვეყნების საკმაო ნაწილის სოციალურ-ეკონომიკურ მოწყობას დაედო საფუძვლად.
11. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს თეორიის ერთ-ერთ შემოქმედად და განმახორციელებლად მიჩნეულია ბრიტანელი საზოგადო მოღვაწე უ. ბევერიჯი. მისი არგუმენტაციით მომავალი ეკუთვნის შერეულ ეკონომიკას, სადაც განხორციელდება, ერთი მხრივ, ეკონომიკის ძირითადი დარგების ნაციონალიზაცია და კერძო საკუთარების შენარჩუნების პირობებში მოხდება სახელმწიფოებრივი დაგეგმვა, ხოლო მეორე მხრივ, ნაწილობრივ შეიზღუდება თავისუფალი საბაზრო ფასწარმოქმნა. ბევერიჯის გეგმის საფუძველზე ბრიტანეთში განხორციელებული ძირეული სოციალურ-ეკონომიკური რეფორმები ამჟამადაც მისი სოციალურ-ეკონომიკური მოწყობის საფუძველს წარმოადგენს.
12. მემარცხენე ნეოლიბერალიზმი გარდაუვალ ეტაპს წარმოადგენს გაცილებით სრულყოფილი ,,საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს“ თეორიის ჩამოყალიბების გზაზე, რომელმაც დასრულებული სახე მიიღო მე-20 საუკუნის 50-70-იან წლებში გამოჩენილი ეკონომისტების – შვედი გ. მიურდალის და ამერიკელი ჯ. გელბრეითის თანამშრომლობით შემუშავებულ ,,სოციალური ეკონომიკის შვედურ მოდელში“. ისინი თვლიდნენ, რომ სახელმწიფოს მიერ სოციალური პრობლემების გადაწყვეტა არა მარტო ჰუმანური და სამართლიანია, არამედ საზოგადოების პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სტაბილურობის აუცილებელ პირობასაც წარმოადგენს. გ. მიურდალის დასაბუთებით სოციალურ უთანასწორობას დანარჩენ ფაქტორებთან ერთად იწვევს ის გარემოება, რომ მდიდარი ადამიანების შესაძლებლობა, დაუმსახურებლად მიითვისონ საზოგადოებრივი სიმდიდრის დამატებითი ნაწილი, იზრდება გაცილებით სწრაფად, ვიდრე მათი რეალური შემოსავლები და კაპიტალი, რაც სამართლიანობას და ბაზრის ოპტიმალურ ფუნქციონირებას გამორიცხავს. საბაზრო ეკონომიკის შეუფერებელი ფუნქციონირება და მდგრადი განვითარება შესაძლებელია მხოლოდ საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს პირობებში, სადაც რეგულირდება როგორც ეკონომიკა, ისე სოციალური ურთიერთობები. ასეთი ეკონომიკა ორიენტირებულია შემოსავლების სამართლიან განაწილებაზე, სოციალური რისკებისაგან დაცულობასა და თითოეული მოქალაქის თვითრეალიზაციის თანაბარ სასტარტო პირობებზე. გ. მიურდალის მიერ შემუშავებული ეს კონცეფცია, რეალიზებული ,,სოციალური ეკონომიკის შვედურ მოდელში’’, დღემდე სანიმუშოდაა მიჩნეული.
13. დასავლეთ ევროპაში სოციალური სახელმწიფოების ჩამოყალიბებამდე სამი ათეული წლით ადრე კაპიტალისტური საზოგადოების ჩარჩოებში სოციალური პრობლემების თეორიულ კვლევასა და დანერგვაში დიდი წვლილი შეიტანეს ქართველმა სოციალ-დემოკრატებმა, რითაც ისინი მკვეთრად გაემიჯნენ რუსულ ბოლშევიზმს, რომელიც მიზნად ისახავდა პროლეტარიატის სისხლიანი დიქტატურის დამყარებას. განხორციელებული სოციალური ღონისძიებები ითვალისწინებდა სახელმწიფოს მიერ პასუხისმგებლობის აღებას მოქალაქეთა კეთილდღეობის ამაღლებასა და სოციალურ უფლებებზე, გლეხობისათვის მიწის გადაცემას, შრომის სამართლიანი კანონმდებლობის შექმნას, კერძო საკუთრების უფლების დაცვას და სხვა.
თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ საქართველოში ჯერ კიდევ ერთი საუკუნის წინათ შეიქმნა სოციალური სახელმწიფოს ჩამოყალიბების წარმატებული პრეცენდენტი, თანამედროვე პირობებში, როდესაც საამისოდ ყოველმხრივ დასაბუთებული კონცეფციები და პრაქტიკით შემოწმებული ევროპული გამოცდილებაც არსებობს, მისი ხელახალი აღორძინება სავსებით რეალურ ამოცანას წარმოადგენს.

გამოყენებული ლიტერატურა

1. თეთრაული ა. საბაზრო ეკონომიკის ქართული მოდელი და მისი თავისებურებანი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პ. გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომების კრებული. ტომი I, თბილისი, 2001, გვ. 20-29;
2. კეინზი ჯ. დასაქმების, პროცენტისა და ფულის ზოგადი თეორია, ქუთაისი, 1995.
3. კურატაშვილი ალფ. სოციალურ-ეკონომიკური პროგრესის პრობლემები და მათი გადაჭრის პრინციპულად ახალი თეორიული საფუძვლები, პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის საერთაშორისო სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალი ,,ეკონომისტი“, 2017,N 2.
4. კურატაშვილი ანზ. სოციალურად ორიენტირებული საბაზრო ეკონომიკის სახელმწიფო რეგულირების პრობლემები, პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის საერთაშორისო სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალი ,,ეკონომისტი“, 2011, N 2).
5. რამიშვილი ვ. ფილოსოფია, თბილისი, 2010.
6. სამუელსონი პ. ნორდჰაუსი ვ. ეკონომიკა, ტ. II, თბილისი, 2000.
7. სანთელაძე ნ. საქართველოში ეკონომიკის რეფორმირების მაკრო- და მიკროასპექტები. საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის შრომები. ტომი I. თბილისი, 2000.
8. სისვაძე ა. ინოვაციებზე ორიენტირებული სოციალურ საბაზრო ეკონომიკის ფორმირების კონცეპტუალური პრობლემები საქართველოში. პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, 2016.
9. სისვაძე ა. ევროპული ტიპის სოციალურ ეკონომიკაზე გადასვლის კონცეპტუალური პრობლემები საქართველოში, პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, 2019.
10. ჩიქავა ლ. საქართველოს ეკონომიკის სოციალური არაორიენტირებულობა და მისი განმსაზღვრელი ფაქტორები. საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის შრომები. ტომი I. თბილისი, 2000. გვ. 5-26.
11. ჭითანავა ნ. თაკალანძე ლ. სოციალური ეკონომიკა – ფორმირება და განვითარება. I ნაწილი. თბილისი, 2008.
12. Блауг М., Экономическая мысль в ретроспективе. 4-е изд. М. 1994.
13. Гэлбрейт Дж. Новое индустриальное общество. М. 1969.
14. Мизес Л. Человеческая деятельность. Трактат по экономической науке. Челябинск. 2005.
15. Мюллер-Армак А. Принципы социального рыночного хозяйства. социальное рыночное хозяйство. М. 1999.
16. Ойкен В. Основные принципы экономической политики. М. 1995.
17. Ойкен В. Основы национальной экономики. М. Экономика, 1996.
18. Пигу А. Экономическая теория благосостояния: В 2 т. М. 1985.
19. Рёпке В. Коренные вопросы хозяйственного порядка // Теория хозяйственного порядка. Фрайбургская школа и немецкий неолиберализм. Под ред. В. П. Гутника. М. 2002.
20. Социальное рыночное хозяйство – основоположники и классики / Ред.-сост.: К. Кроуфорд, С.И. Невский, Е.В. Романова; предисл. К. Кроуфорд; Фонд Конрада Аденауэра. М., 2017.
21. Фридмен М. Методология позитивной экономической науки. М. 1994.
22. Эрхард Л. Благосостояние для всех. М. 1991.
23. Эрхард Л. Полвека размышлений: Речи и статьи. М. 1993.
24. Хайек Ф. Смысл конкуренции / Индивидуализм и экономический порядок. М. 2001.
25. Хайек Ф. Пагубная самонадеянность: Ошибки социализма. М. Новости, 1992.
26. https://ru.wikipedia.org/wiki/ spisok- stran-po-tempam-rosta vvp ru.wikipedia.org/wiki/ spisok- stran-po-tempam-rosta vvp.
27. https://issuu.com/observer-diplomat/docs/diplomat-may/s/ 10577566.
28. https://ge.boel.org/en/2018/11/22/georgien-neu-bushstabiert-politik-und.
29. https://ru.wikipedia.org/wiki/. VVP na dushu naselenia v stranax mira.
30. https://ru.wikipedia.org/wiki. Indeksi selovecheskogo razvitia v stranax mira.
31. https://imhttps://ru.wikipedia.org/wiki/. Srednaia zarabotnaia plata v stranax mira.
32. https://www.masterforex-v.org/wiki/pension.html.
33. https://immi-i.com/rejting-stran-mira-po-urovnyu-zhizni-2020/.
https://gtmarket.ru/ratings/education-index.
35. https://gtmarket.ru/ratings/global-education-expenditure.
36. https://knoema.ru/atlas/topics. koeficient djini v stranax mira.